|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასწრაფოს ყოფილი და მოქმედი ექიმების პროტესტი ქუთაისში

ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყოფილმა და მოქმედმა ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

სასწრაფოდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.

რაც შეეხება  სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პერსონალს, მათ მოთხოვნას ხელფასებისა და სასწრაფოს ბრიგადების მატება, ასევე,  სამსახურისათვის მისი ძველი შენობის დაბრუნება წარმოადგენს.

სასწრაფოდან გათავისუფლებული პირების თქმით, მათ სამსახური 2011 წელს, მას შემდეგ დაკარგეს, რაც ქუთაისში მოქმედი სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჩათვლით,  სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ შეიძინა.

„ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაგვათავისუფლეს. უამრავი განცხადება დავწერეთ, თუმცა გათავისუფლების მიზეზები ჩვენთვის დღემდე უცნობია.  სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა მალხაზ ძოწენიძემ  ერთ-ერთ ექთანს, რომელიც გათავისუფლების მიზეზებით დაინტერესდა, თავში პულტი ესროლა,“ - ამბობს სასწრაფოდან გათავისუფლებული ექთანი იზოლდა სახელაშვილი.

რაც შეეხება სასწრაფოს მოქმედ ექიმებსა და მათ მოთხოვნებს, როგორც ისინი აცხადებენ, სამედიცინო სამსახურის მანქანების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, ხოლო ბრიგადები გამოძახებების შესრულებას ვერ ასწრებენ.

„350 ლარი აქვს ექიმს, 250 ლარს იღებს ექთანი და  დღეში 15-დან 22 გამოძახებამდე გვიწევს. თბილისში სასწრაფოს ექიმები დაახლოებით 1 000 ლარამდე იღებენ ხელფასს და რატომ უნდა იყოს ასეთი განსხვავება ჩვენს ხელფასებს შორის? ხელფასების გაზრდის გარდა, მოვითხოვთ, შენობა, რომელიც სპეციალურად სასწრაფოსათვის გარემონტდა და შემდეგ იქ აღარ გაგვაჩერეს, სამსახურს დაუბრუნდეს,“ - ამბობს სასწრაფოს ექიმი მარინე გიორგაძე.

ქუთაისში მედიკოსების პროტესტს სოლიდარობა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობამ გამოუცხადა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა