|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანელი ექსპერტები ბიზნესმენებს უსასყიდლოდ დაეხმარებიან

ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქალაქს გერმანელი ექსპერტები ესტუმრნენ. „ისინი უსასყიდლოდ დაეხმარებიან ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელსაც თავისი ბიზნესის განვითარება სურს“ – განაცხადა  ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა მალხაზ ჭრელაშვილმა გერმანელ სტუმრებთან შეხვედრისას.

ქუთაისის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში SES-სენიორ ექსპერტთა სამსახურის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პროექტის მენეჯერი ელიკო ვოტელერი და სამსახურის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კნუტ გერბერი ქალაქში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნასლისტებს შეხვდნენ. SES-ი დახმარებას სთავაზობს  მცირე  და  საშუალო  ბიზნესის,  ადგილობრივი  თვითმმართველობის,  სოციალური,  მედიცინის  და  სხვა  სფეროების  წარმომადგენლებს.

„ამ შეხვედრის  მიზანი არის შესაძლო სამომავლო თანამშრომლობა,  იქნება ეს კერძო თუ სამთავრობო სექტორი. აქცენტი კეთდება  განსაკუთრებით კერძო და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, თუმცა სფერო უამრავია: მედიცინის, ბიზნესის თუ მუნიციპალური განვითარების,“ - ამბობს    სენიორ  ექსპერტთა სამსახურის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პროექტის მენეჯერი ელიკო ვოტელერი.

SES -სენიორ ექსპერტთა ჯგუფის საპენსიო ასაკის ექსპერტები  თავიანთ გამოცდილებას სხვადასხვა განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების წარმომადგენლებს უზიარებენ. სამსახურის დამფუძნებლები არიან გერმანიის ინდუსტრიის ფედერალური ასოციაცია, გერმანიის დამსაქმებელთა  ფედერალური  გაერთიანება,  გერმანიის ვაჭრობისა და მრეწველობის  პალატადა,  გერმანიის ხელოსანთა გაერთიანება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე