|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბოტანიკურ ბაღში გაუშვეს

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი თანამდებობის დატოვებიდან სამი კვირის შემდეგ ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორად დაინიშნა.

ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობაში შვიდწლიანი მოღვაწეობის მიუხედავად, სამი ოცნება – ეროვნული ბიბლიოთეკაში, სამხატვრო გალერეასა და ბოტანიკურ ბაღში თანამედროვე სტანტარტების დანერგვა – დარჩა აუსრულებელი. ამ უკანასკნელის ასრულების შესაძლებლობა კი ახლა მიეცა.

„პოლიტიკოსობაზე პრეტენზია არ მქონია. პრეტენზია მაქვს მხოლოდ საქმის კეთებაზე,“ – აცხადებს ამირან ხვადაგიანი.

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე გადავიდა. ხვადაგიანის დაპირებით, წლების განმავლობაში მიტოვებული და მივიწყებული ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, ისეთივე მიმზივველი და საიტნერესო გახდება, როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღია.

ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტში ბოტანიკური ბაღისთვის 200 000 ლარია გათვალიწინებული.

„მლანძღეთ, ოღონდ ბოტანიკური ბაღი ერთად გადავარჩინოთ,“ – აცხადებს ამირან ხვადაგიანი.

როგორც ხვადაგიანი აღნიშნავს, ბოტანიკური ბაღის აღორძინების პროქტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და იმედოვნებს, რომ ბაღი თავის კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქციებს დაიბრუნებს. ამ ინიციატივაში ახალბედა დირექტორს ქუთაისში მოღვაწე ბიზნესმენთა თანადგომის იმედიც აქვს.

„ბევრმა არც იცოდა, თუ ქალაქში ბოტანიკური ბაღი გვქონდა. დასანანია, რომ დღემდე არც ერთ ტურისტულ მარშრუტში ჩვენი ბაღი არ გვხვდება,“ – აღნიშნავს ხვადაგიანი.

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი, ბორის თვალაძე, სამეცნიერო დარგში ხვადაგიანის მოადგილის მოვალეობას შეასრულებს.

საქართველოში არსებულ ბოტანიკურ ბაღებს შორის ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ყველაზე ხანდაზმულად ითვლება. იგი 1820 წელს დაარსდა. ამჟამად ბაღში მცენარეთა 578 სახეობაა დაცული.

 

ავტორი: დეა მანაგაძე