|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტს პარლამენტში გამოსასვლელად კიდევ ერთ პირობას უყენებენ

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში გამოსვლა მას შემდეგ შედგება, რაც მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხელს მოაწერს და  ცვლილებები ძალაში შევა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა სამთვიანი განხილვის შედეგად დღეს მესამე მოსმენით მიიღო, პრეზიდენტს ხელმოსაწერად უმოკლეს ვადებში გაეგზავნება.

„როდესაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს დოკუმენტს, ამის შემდეგ მას, სურვილის შემთხვევაში ექნება შესაძლებლობა მოვიდეს პარლამენტში  და საკანონმდებლო ორგანო მოისმენს მის ანგარიშს. ჩვენ  მანამდეც ვაცხადებდით, რომ როდესაც დაფიქსირდებოდა საბოლოოდ უმცირესობის და პრეზიდენტის პოზიციები  კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მას ექნებოდა შესაძლებლობა გამოსულიყო  პარლამენტში თავისი წლიური ანგარიშით,“  - ამბობს კობახიძე.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ პარლამენტში გამოსასვლელად პრეზიდენტი პრინციპულად მზად არის. როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს შორის.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მიმდინარე წლის 8 თებერვალს უნდა გამოსულიყო, თუმცა უმრავლესობამ ქვეყნის პირველ პირს იმ დროს მოსმენაზე უარი იმიტომ უთხრა, რომ პრეზიდენტიც და მისი პოლიტიკური გუნდიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს არ უჭერდნენ. 

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე