|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავარიის შედეგად გარდაცვლილის ოჯახი თბილისი-ქუთაისის მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის მკვიდრის, ვასილ ცხელიშვილის ოჯახის წევრები საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

ცხელიშვილი გასული წლის სექტემბერში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ პროკურატურა მკვლელს მფარველობს.

ვასილ ცხელიშვილის ოჯახის წევრებმა დღეს პარლამენტთან აქცია გამართეს და სახელმწიფოს დახმარება სთხოვეს. 

ცხელიშვილს ავტომანაქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის საზამთროს ყიდდა. გარდაცვლილის დის, ზოია ცხელიშვილის თქმით, გამოძიებას ჯერ ქუთაისის საპატრულო პოლიციის გამომძიებელი გიორგი აბულაძე აწარმოებდა. თუმცა აბულაძემ არაფერი გამოიძია,დაზარალებულის მხრიდან მოწმეები არ დაიკითხა,  რის გამოც იძულებული გახდნენ მთავარი პროკურორის -არჩილ კბილაშვილისათვის მიემართათ.

„კბილაშვილმა საქმის ხელახალი გამოძიება ისევ ქუთაისს დააწერა. ესენი დამნაშავედ გარდაცვლილს თვლიან. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. თუმცა საპატრულო პოლიციის მისვლამდე ადგილზე მოქალაქეები მივიდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ზუგდიდელი ტაქსის მძღოლი აცხადებდა – კაცი მოვკალიო. შემდეგ როდესაც დამნაშავემ ადვოკატი აიყვანა,  იძახის, მე უდანაშულო ვარო,“ - ამბობს ზოია ცხელიშვილი.

გარდაცვლილის მეუღლის შორენა თევზაძის თქმით, პროკურატურაში მათ განუცხადეს, რომ საქმეზე ძიება დასრულებულია და თუ მათ პროკურატურის  მიერ  ჩატარებული გამოძიება არ მოსწონთ, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება ურჩიეს.

ოჯახის წევრების აცხადებენ, რომ მათ ამის საშუალება არა აქვთ, ამიტომ, დახმარებას სახელმწიფოსაგან ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე