|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორუფციის ნიშნები ქუთაისის წყლის სისტემის რეაბილიტაციაში

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონიტორინგის შედეგების მიხედვით,  2006-2011 წლებში ქუთაისში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე დაახლოებით  50 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა ქალაქისათვის 24-საათიანი წყალმომარაგების კუთხით გაცემული დაპირება კვლავ შეუსრულებელი რჩება.

ორგანიზაცია კვლევას გასული წლის  განმავლობაში ახორციელებდა. რომლის მიხედვით, ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია. ასევე არ არსებობს წყლის სიტემის რეაბილიტაციის ერთიანი პროექტი. გარდა ამისა, შეუძლებელია იმ თანხების ზუსტი ოდენობის დადგენა, რომელიც 5 წლის განმავლობაში დაიხარჯა. რაც შეეხება ორგანიზაციის მიერ დასახლებულ ციფრს, 50 მილიონს, ის თანხის მინიმალური რაოდენობაა,  რომელიც  კვლევის შედეგად  გამოიკვეთა.

"საია"-ს   პროექტის დირექტორის სულხან სალაძის თქმით, წყალმომარაგების კომპონენტის კერძო კომპანიისათვის გადაბარებამ პროცესის გაუმჭვირვალობა გამოიწვია. რადგან  როგორც სალაძე ამბობს,   კერძო კომპანიებზე ადმინისტრაციულ ორგანოებთან შედარებით, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმები სუსტია.

ორგანიზაციის  კვლევაში აღნიშნულია, რომ ქუთაისის მოსალხეობისთვის წყალმომარაგების პრობლემის სრულად გადაჭრას ჯერ კიდევ 2008 წელს პრეზიდენტის ინიციატივა ითვალისწინებდა. თუმცა  დაპირება დღემდე შეუსრულებელია.

"წყალმომარაგების სისტემის  რეაბილიტაციის პროცესის გაუმჭვირვალობა  ბადებს ეჭვებს და  კორუფციასთან დაკავშირებით აჩენს კითხვის ნიშნებს. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, პროცესი საჯარო იყოს, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი დაინტერესებულ პირებისათვის. რადგან ეს საკითხი დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში,“ - ამბობს სალაძე.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე