|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ბაქრაძე: ხელისუფლებისკენ ხელის გამოშვერა არაკორექტულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების თაობაზე მიმართა.

გუშინ, ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო განცხადება, რომლის მიხედვითაც საწყისი მათი პოზიცია არის 180 გრადუსით შეცვლილი და დღეს არის საუბარი იმაზე, რომ ბატონი ბიძინა აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და სიის პირველ ნომრობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ქუთაისში ყოფნისას.

ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვისმენდით მისი და მისი გუნდის წევრების განცხადებებს, რომ აპირებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, სიის პირველ ნომრობას, შემდეგ კარიერის გაგრძელებას და პრემიერ-მინისტრობას და ამ ყველაფერს ხელს უშლის მოქალაქეობის არქონა.

ჩვენ გუშინ მივიღეთ ცვლილებები, რომლითაც ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნა. რომლითაც აღარანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს, არც პარლამენტის თავმჯდომარეობაზე, არც პარლამენტის წევრობაზე, არც პრემიერ-მინისტრობაზე, არც პრეზიდენტობაზე.

მე მინდა მკაფიოდ განვაცხადო, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, თუ მას სურს არჩევნებში მონაწილეობა, მას აქვს ამის სრული უფლება. თუ მას სურს პრემიერ-მინისტრობა, მას აქვს ამის სრული უფლება. არანაირი შეზღუდვა მის პოლიტიკურ აქტივობაზე არ არსებობს და ამიტომ მისი სურვილი იყაროს ან არ იყაროს კენჭი, მიიღოს ან არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, არის დამოკიდებული მთლიანად მასზე და ხელისუფლებისკენ ხელის გამოშვერა ამ შემთხვევაში იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველანაირი პრობლემა მოვხსენით, ვფიქრობ არის უბრალოდ არაკორექტული და არასწორი“, – განაცხადა დავით ბაქარაძემ. 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე