|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

ქუთაისში, სამხედრო აღლუმის სამზადისთან დაკავშირებით ტრნასპორტის გადაადგილების კუთხით შეზღუდვები უკვე ამოქმედდა. ავტოქარხნის დასახლებაში (სადაც სამხედრო აღლუმის ჩატარება და  პარლამენტის გახსნა იგეგმება) საავტომობილო გზა ჩაკეტილია. აღნიშნული შეზღუდვა კინოთეატრ „სულიკოდან“ ე.წ. ავტოქარხნის პირველ „პრახადნოიმდე“ გრძელდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამხედრო მანქანები დგანან,   ხოლო ვითარებას სამხედრო და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ. გზებზე დაწესებული შეზღუდვის გათვალისწინებით, დასახლების მიმართულებით  ტრანსპორტი შემოვლითი გზებით მოძრაობს.

„მოსახლეობა წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. გუშინწინაც იყო გზა გადაკეტილი. ამბობენ, რომ დღეს გენერალურ რეპეტიციას  გადიან და ასე გაგრძელდება 26 მაისამდე. მანამდე კი ჩვენ ტრანსპორტის მოძრაობის ადგილამდე ფეხით გვიწევს სიარული,“ - ამბობენ ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებლები.

26 მაისის სამზადისთან დაკავშირებით, ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით შეზღუდვები ქალაქის სხვა ნაწილშიც ფიქსირდება, თუმცა ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

„არაფერი ვიცი. მოძრაობას სამხედრო სამსხური აკონტროლებს. ალბათ გახსნიან გზას. სამხედრო ტექნიკა და ტანკები გადმოჰყავთ. საღამოს მოდით და გვეცოდინება, როგორ და რა სქემით იმოძრავებს ტრანსპორტი,“ - ამბობს მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ვალერი კლდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2 დღეში ქუთაისში პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა და სამხედრო აღლუმი გაიმართება. გზებზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ქუთაისში აღნიშნული დღისადმი მზადებას უკვაშირდება, სწორედ 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე