|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს უცხოეთში მოღვაწე მუსიკოსები ეწვევიან

სამხედრო აღლუმისა და პარლამენტის სხდომის ჩატარების გარდა, ქუთაისში 26 მაისი კულტურული ღონისძიებებითაც აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებები, ხვალ 11:00 საათიდან, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება. ნიღბებისა და პანტონიმის თეატრი, ახალი პარლამენტისკენ მსვლელობას მოაწყობს, ხოლო  წარმოდგენები უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიზე გაიმართება.

26 მაისის საღამოს კი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სპეციალური სცენაზე, კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სიმფონიური ორკესტრები, ქუთაისის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. სპეციალურად ამ დღისთვის ქალაქს ეწვევიან საზღვარგარეთ მოღვაწე მუსიკოსები: პიანისტი – ხატია ბუნიათიშვილი, ოპერის მომღერალი – ნინო სურგულაძე და მევიოლინე – ქეროლაინ ქემბელი.

„ხვალ, გარკვეული პროგრამით წარვსდგები მსმენელის წინაშე. შევასრულებ მენდელსონის ნაწარმოებს. მინდა, რომ ღონისძიება ბავშვებით იყოს დატვირთული. ქუთაისელი ბავშვებისთვის, მასტერ-კლასებსაც ჩავატარებ, მივცემ მათ რჩევებს, ინფორმაციებს, თუ როგორ შეიძლება მიაღწიონ წარმატებას,“ - აღნიშნა მევიოლინე ქეროლაინ ქემბელმა.

ქუთაისში, 26 მაისისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი პარლამენტის ტერიტორიაზე 21:00 საათზე დაიწყება და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე