|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ გასცა ქუთაისში, აკრძალულ ფასადზე მარგველაშვილის პლაკატის გაკვრის ნებართვა?

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგევლაშვილის ბანერის გაკვრის ნებართვა მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურმა მისცა.

აღნიშნულ სამსახურს თამარ მეფის ქუჩა #3 ნომერში მდებარე ობიექტის ფასადზე საარჩევნო ბანერის, სარეკლამო აბრების და დროშების განთავსების ნებართვის თხოვნით, თავად შენობის მეპატრონემ, ლია სვანიძემ მიმართა.
"ვადასტურებთ, სარეკლამო აბრებისა და დროშების განთავსების შესაძლებლობას," – აღნიშნულია ლია სვანიძის განცხადების საპასუხო წერილში, რომელსაც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე ლომიძე აწერს ხელს.
ქუთაისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის მიერ გაცემული საპასუხო განცხადება მიმდინარე წლის 3 სექტემბერს არის გაცემული.
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე საარჩევნო ბანარებისა და პლაკატების გაკვრა/განთავსების ნებართვის ბრძანება 2013 წლის 10 ივლისს გამოსცა.საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებულ დარღვევებს მერიის ზედამხედველობის სამსახური კურირებს.
"შეგიძლიათ, ზედამხედველობის სამსახურს მიაკითხოთ. ჩვენ ამ საკითხზე არანაირი მოკვლევა არ ჩაგვიტარებია," – განმარტავს მარგველაშვილი.
"მთელი ქალაქი რეაბილიტირებულია, რომ ავკრძალოთ ბანერების განთავსება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა არქიტექტურის სამსახურმა გასცა და არანაირი კანონდარღვევა არ არის," – განმარტავენ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

ავტორი: თეკლა მორგოშია