|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა "პატრიოტებმა" საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა დატოვეს. "პატრიოტებმა" სხდომის დატოვების გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, რაც "ნაციონალმა" დეპუტატებმა ისინი დღეს საგანგებოდ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს

თავის მხრივ, "ნაციოანლი" კოლეგების კრიტიკა  მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილზე, ყოფილი "ქრისტიან-დემოკრატელი" და ამ დროისთვის "დამოუკიდებელი" დეპუტატის, დავით დვალის კანდიდატურის დაყენებას მოჰყვა. 
"დღეს გააკეთეთ იდიოტური განცხადება რომ თითქოსდა ჩვენ  ვართ შეკრულები "ქართულ ოცნებასთან". როდის უნდა მორჩეთ ამ სისულეებს, თქვენ პოლიტიკური ორიენტაცია ვერ გაგირკვევიათ და ჯიხურები და ბუტკები ვერ გაგიყვიათ. ამის გამო კი, ერთმანეთს ყელებს  უგრეხთ. ამას საზოგადოება არ გაპატიებთ", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალმა "დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ.   
ამის შემდეგ პუბლიკის წინაშე "პატრიოტებმა" თავის მართლება და "ქართული ოცნების" წევრების კრიტიკა დაიწყეს. 
"ქართულ ოცნებაში" ვინ არის თითონაც  ვერ გაურკვვეიათ.  "მეოცნებე" დეპუტატი და "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაცია ერთმანეთს უპირისპირდება", - აღნიშნა "პატრიოტმა" დეპუტატმა, ტარიელ მესხმა. ამ განცხადების შემდეგ "პატრიოტებმა" სხდომა დატოვეს. 

ავტორი: თეკლე მორგოშია