|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის საკონკურსო–საატესტაციო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედ საკონკურსო–საატესტაციო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 

აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს, საკრებულოს ფრაქცია "ჩვენი მომავლისათვის" თავმჯდომარე დავით დვალი აირჩიეს, რომელიც მანამდე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გახლდათ.
დვალის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა "ნაციონალმა" დეპუტატებმა გააპროტესტეს. 
მათი განმარტებით, კანონში ცალსახად წერია, რომ კომისიის თავმჯდომარედ საკრებულოს პირველი პირი, ან მისი მოადგილე ინიშნება. 
"პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება კომისიის თავმჯდომარე. ჩვენ თავიდანვე უნდობლობას ვუცხადებდით კომისიას. ასევე, წინასწარ იყო გაცხადებული, რომ კონსულტაციები გაიმართებოდა საზოგადოებასთან და რატომ იგდებს ეს ხალხი შარში თავს, გაურკვეველია. მოსახლეობას კი მოწყინდა იმ ზღაპრების მოსმენა, რომელიც მათ "ოცნებიდან" და "პატრიოტებიდან" ესმით. მორიგი იდიოტური განცხადება "პატრიოტებმა" დღესაც გააკეთეს. მათ სკვერები და ბუტკები ვერ გაიყვეს და ერთმანეთს ამის გულისთვის ყელს სჭამენ,"– განაცხადა საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ.
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი კომისიის ახალ თავმჯდომარეს, ხმა 13 დეპუტატმა მისცა. მათ შორის "ნაციონალური მოძრაობიდან" ამირან ხვადაგიანმა.
კომისიის ახალი თავმჯდომარე იმ ადამიანებს, რომლებმაც მისი არჩევა გააპროტესტეს კანონმდებლობის ბოლომდე ჩაკითხვას ურჩევს. 
კომისიის თავმჯდომარის დავით დვალის განმარტებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ რამდენი ადამიანისგან დაკომპლექტდება კომისიის ახალი შემადგენლობა. 
"შესაძლოა კომისიის შემადგენლობა 9 ადამიანამდე გაიზარდოს,"– ამბობს დვალი. 

ავტორი: დეა მანაგაძე