|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს - მცირეწლოვანი ბავშვის "დაუთოვებაში" ეჭვმიტანილი ოჯახის ნათესავია

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვანის რაიონში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, ყაჩაღობაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს 1993 წელს დაბადებული ალექსანდრე რ, რომელიც დაზარალებულის ნათესავია. ასევე დაკავებულია 1987 წელს დაბადებული დავით ლ. ყაჩაღობის ბრალდებით.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში, სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ითხოვდენ. მათ სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. ალექსანდრე რ. და დავით ლ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანარჩენი დამნაშავეების დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ალექსანდრე რ-მ მიმდინარე წლის იანვრის თვეში ქეთევან ო-ს საცხოვრებელი სახლიდან ციფრული ფოტოაპარატი მოიპარა. აღნიშნული ფაქტის შესახებ დაზარალებულმა სამართალდამცველებს მომხდარიდან რამდენიმე დღეში აცნობა.
გამოძიება ყაჩაღობის, ყაჩაღობაში თანამონაწილეობისა და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 24-179-ე მუხლის მე-2 „ბ“ და მე-3 „ბ“ და 177-ე მუხლის 2-ე ნაწილით).

ავტორი: ნიუპრესი