|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეცეპტის შავი ბაზარი უკვე გაჩნდა

მედიკამენტებზე ახალი სარეცეპტო რეგულაციებიდან 1 კვირის თავზე რეცეპტის შავი ბაზარი გაჩნდა, - იუწყება "ბიზნესკურიერი". 
მათი ინფორმაციით, შავ ბაზარს თავად სააფთიაქო კომპანიები ამუშავებენ. გაყიდვები რომ არ შემცირდეს, მომხმარებელს ნებისმიერ რეცეპტს აძლევენ, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ აფთიაქში მოქმედებს. "ბიზნესკურიერი" ამ პრაქტიკის დამადასტურებლად ფარულ კადრებსაც ავრცელებს, რომელიც ერთ-ერთ კონკრეტულ აფთიაქშია გადაღებული, თუმცა დასძენს, რომ არ არის გამორიცხული, რომ იგივე სქემა სხვა აფთიაქებშიც იყოს, ან მას ახლა ნერგავდნენ.
აფთიაქის შესასვლელთან მომხმარებელს ხვდება წარწერა "ექიმი", რომელიც მომხმარებლის კარნახით ნებისმიერ რეცეპტს გამოწერს. 
ფარულ ჩანაწერში ჟურნალისტი ექიმის კაბინეტს ეწვია. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ექიმს მისთვის რეცეპტის გამოწერა, ექიმი პასუხობს, რომ შეუძლია, მაგრამ მხოლოდ "ავერსის" მომხმარებლისთვის. ჟურნალისტის რეპლიკაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის (ექიმისთვის), თუ რომელ აფთიაქში იყიდის გაცემულ რეცეპტზე მითითებულ წამლებს, ექიმი პასუხობს - "თქვენთვის არა, მაგრამ სამაგიეროდ, ამას ჩემთვის აქვს მნიშვნელობა"...
"ჩვენ ვართ "ავერსის" თანამშრომლები და ვინც შეიძენს მედიკამენტს "ავერსში", იმას გამოვუწერთ რეცეპტს, თუ არადა სხვა არ ვემსახურებით", - ამბობს ექიმი "ბიზნესკურიერის" ფარულ ჩანაწერში.
ამავე ფარულ ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ექიმი არათუ გამოკვლევის ჩაუტარებლად (რაც ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ცალსახად კანონდარღვევაა), არამედ პაციენტის იქ არყოფნის მიუხედავადაც კი წერს რეცეპტს. მას შემდეგ, როდესაც ჟურნალისტი მას სთხოვს, გამოუწეროს წამალი დედისთვის, ექიმი ამას მარტივად, კანონის გვერდის ავლით, მომხმარებლის კარნახით აკეთებს, რაც სრულიად არამართებულია არა მხოლოდ ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, არამედ ზოგადად, სამედიცინო საქმიანობაში.
სრული ვერსია
bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი