|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფლებში ზამთრის მარაგის გარეშე რჩებიან

ხანგრძლივმა უამინდობამ რეგიონის მცხოვრებლებს საკვების მარაგის პრობლემა შეუქმნა. საქართველოს თითქმის ყველა ტერიტორიაზე სოფლის დოვლათმა იკლო. მოსახლეობა ჩივის, რომ წელს არათუ პროდუქტის გასაყიდად გამოტანას ვერ შეძლებენ, ოჯახისთვის საკმარისი მარაგიც აღარ ექნებათ. განსაკუთრებით, პრობლემაა მთიან სოფლებში, სადაც ხალხს სურსათზე ხელი უგზოობის გამოც არ მიუწვდება.

დიდმა გვალვამ კატასტროფულად შეამცირა მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ხილის მოსავალი. ხალხი შიშობს, რომ ფქვილი და სიმინდი სეზონის ბოლომდე არ ეყოფათ, ხოლო სულ მალე სარეალიზაციო პროდუქტის დეფიციტი შეიქმნება, რაც სურსათს საგრძნობლად გააძვირებს.

იმერეთში, ტყიბულის რაიონში მცხოვრები მიმოზა ყავლაშვილი ამბობს, რომ სიმინდის ნახევარზე მეტი გვალვამ გააფუჭა. განახევრდა ლობიოს მოსავალი და აგრეთვე ხილიც, რის გამოც ხალხს საკვებით მომარაგება გაუჭირდება.

"მთელი შრომა წყალში ჩაიყარა, გვალვისგან პირწმინდად დავზარალდით. რაც ამინდს გადაურჩა, მხოლოდ რამდენიმე თვის სამყოფია, სეზონის ბოლომდე არც გვეყოფა. შარშან იმდენი მოვიწიეთ, რომ ბაზარშიც საკმაოდ გავყიდეთ და ოჯახისთვისაც გადავინახეთ. უკეთესი ვითარება გვექნებოდა, უწყლობა რომ არ გვაწუხებდეს. გვალვის გამო სათბურებსაც პრობლემა ჰქონდათ. მთელ იმერეთში ვენახი 80%-ით გაფუჭდა", - ამბობს მიმოზა ყავლაშვილი.

დასავლეთ საქართველოში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში მცხოვრები გიზო ქებურია ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მოწეული ჭირნახული არასაკმარისია და პროდუქციის ყიდვა ადგილობრივ მაღაზიებში საკმაოდ მაღალ ფასად მოუწევთ.

"სურსათის მარაგი გაგვიმესამედდა. რა მარაგზეა საუბარი, რაც შეგვრჩა, გამოსაზამთრებლადაც არ გვეყოფა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. საკვებთან ერთად, ხალხს ფულის პრობლემაც აქვს," -ამბობს გიზო ქებურია.

"ასეთი შემთხვევა, შეიძლება, 40 წელიწადში ერთხელ იყოს", -ამბობს ყვარლელი ლია შაქარაშვილი, რომელიც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ დეფიციტის გამო, კახეთში ხალხი პროდუქტს ვერ იმარაგებს.

სურსათის მარაგთან დაკავშირებით, "რეზონანსი" ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლებსაც დაუკავშირდა. გალის რაიონში, ზუგდიდის ბაზარს მოწყვეტილ მოსახლეობას ადგილზე სურსათის ყიდვა უჭირს. მართალია, გადაადგილების პრობლემა შიდა ტერიტორიაზე შესაძლებელია, მაგრამ რაიონში შემოტანილი პროდუქტის შეძენა, მაღალი ფასის გამო, მოსახლეობის უმრავლესობას არ შეუძლია.

გვალვიანმა ზაფხულმა სვანეთსა და რაჭაში ყველაზე მეტად ნატურალური მეურნეობა დააზარალა. მთელი ქვეყნის მსგავსად, ადგილობრივებს ზამთრისთვის თავის რჩენა მიზერული შემოსავლით მოუწევთ.

უნალექობამ და ხანგრძლივმა სიცხეებმა მარცვლეული და კარტოფილი, სოფლის სხვა პროდუქტების მსგავსად, გაახმო. ერთადერთი, რაც გვალვას გადაურჩა შინაური ცხოველებია. 


გაზეთ „ბიზნეს რეზონანსის“ მასალები

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი