ფონდი "ქართუ" ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის მოთხოვნას ეხმაურება
ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ფონდი „ქართუ“ თბილისში ააშენებს. როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, უნივერსიტეტის თბილისში აშენება ტერიტორიულად მომგებიანია ფართო და მსხვილმასშტაბიანი პროექტებისთვის.
ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის აშენებას საინიციატვო ჯგუფი ქუთაისში ითხოვს და მათ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნაა შესრულდეს წინასაარჩევნო დაპირება და ქუთაისმა "საუნივერსიტეტო ქალაქის" სტატუსი მიიღოს. “ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდეს ქუთაისში და არა თბილისში. წინასაარჩენო დაპირება იყო, რომ ეს უნივერსიტეტი ქუთაისში აშენებულიყო. მე, როგორც ერთ-ერთი მათი ამომრჩეველი ვითხოვ, ეს დაპირებაც შესრულდეს. გვინდა, რომ ქალაქისთვის გაკეთდეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და მიეცეს მას ფუნქცია. ქუთაისში იყოს შესაძლებელი მაღალი დონის განათლების მიღება“-განუცხადა „ნიუპრესს“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა მალხაზ ფხაკაძემ.
„ქართუ“ ჯგუფის წარმომადგენლის ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდისთვის მიმართვა არასწორია, რადგან წარმოადგენს კერძო ორგანიზაციას და მისგან წინასაარჩევნო დაპირების შესრულების მოთხოვნა არაკორექტულია.
მამუკა ჩხეტიანის თქმით, უნივერსიტეტის წარმატებით ფუნქციონირება სტუდენტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ხოლო თუ საუბარია სტუდენტების უცხოეთიდან მოზიდვაზე, ამ კუთხით საუკეთესო ადგილი, როგორც ტერიტორიულად, ისე ინფრასტრუქტურულად და სხვა ასპექტებითაც, თბილისია.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა 2017 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა მისი ადგილმდებაროება ჯერ განსაზღვრული არაა.
ავტორი: ანა ჯიქია