|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პარკირების ზედამხედველობისთვის მერია საწარმოს დააფუძნებს

ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილებზე აუქციონი მეოთხედ გამოაცხადა. როგორც ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძე აღნიშნავს, აუქციონის პირობები არ შეცვლილა. საწყისი ფასი კვლავ 660 000 ლარია და 274 ადგილი ერთ ლოტად გავიდა.
„პირობები არ შეცვლილა და თუ ვინმეს აქვს მოლოდინი ფასის შემცირების, ეს არ მოხდება. ეს არის რენტაბელური ბიზნესი და არსებული თანხა ქალაქის პირობებში რეალურია,“–აღნიშნავს კონსტანტინე ქავთარაძე.
მისივე განცხადებით, აუქციონი 22 მაისს დასრულდება. იმ შემთხვევაში,  თუ მყიდველი კვლავ არ გამოჩნდა,  პარკირების ზედამხედველობას მერია აიღებს. დაფუძნდება საწარმო და მოხდება ყველა პირობის შესრულება.
„თუ აუქციონი კვლავ ჩაიშალა, პარკირების ზედამხედველობას მერია აიღებს. რის ფარგლებშიც დაფუძნდდება საწარმო. რომელსაც ეყოლება ადმინისტრაცია. მოხდება ყველა პირობის დეტალურად შესრულება. გამოჩნდება, რომ ქალაქში პარკირების სისტემიდან გაცილებით მეტი თანხა შემოვა, ვიდრე აუქციონის საწყისი ფასით იყო გათვლილი,“–აღნიშნავს ვიცე–მერი.
აუქციონის დასრულებისთანავე ყველა კომპანიასთან, რომელთანაც ამ დროისთვის პარკირების ხელშეკრულებაა გაფორმებული, თანამშრომლობა შეწყდება და მთლიანი სისტემა მერიის დაქვემდებარებაში გადავა.
კონსტანტინე ქავთარაძე აღნიშნავს, რომ  ქალაქის ბიუჯეტი ჩაშლილი ააუქციონის გამო ზარალდება. ვინაიდან, აუქციონის პირობებში თვეში დაახლოებით 56 000 ლარი უნდა შესულიყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი