|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება" - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება. პრემიერის განცხადებით, შემოსავლებმა გეგმას 140 მილიონი ლარით გადააჭარბა. "მნიშვნელოვანია, აღინიშნოს კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში: 2014 წელს პროდუქციის გამოშვება სამეწარმეო სექტორში გაიზარდა 12.8 პროცენტით, ხოლო ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა - 11 ათასი ადამიანით. სამშენებლო სექტორის აქტივობა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაზრდილია 20 პროცენტით; მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით რეგიონის მასშტაბით უკეთესი ვითარებაა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა როგორც მოკლე, ისე საშუალოვადიან პერიოდში მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისკენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერის თქმით, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. 
"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს მილიარდ 272 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 35 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს. ამავე პერიოდში, რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტი შეადგინა. ეს უმნიშვნელოვანესი პარამეტრია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. 2014 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი 2007 წლის მაჩვენებლის შემდეგ; ასევე, 2013 წელთან შედარებით 78 პროცენტით გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები; სულ ახლახან დაიწყო შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზა".

ავტორი: ანა ჯიქია