|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში რელიგიური დაპირისპირების მშვიდობიანი გზით გადაჭრას ითხოვენ

თერჯოლაში მოქმედი საინიციატივო ჯგუფი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამერბერგს, იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს და თერჯოლის გამგებელს თიმურაზ ჯაფარიძეს ღია მიმართვას უგზავნის. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, ისინი  თერჯოლაში არსებული რელიგიური დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ითხოვენ.

„თერჯოლის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სახელით გთხოვთ, იკისროთ შუამავლის ფუნქცია და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოახდინოთ პრობლემის ისეთი გზით გადაწყვეტა, რაც მშვიდობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს,“-აღნიშნავს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ზაურ ობოლაძე.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება გასულ წელს დაიწყო. მართლმადიდებელი მრევლის უკმაყოფილება თერჯოლაში კინოთეატრის გვერით იეჰოვას მოწმეების დარბაზის მშენებლობამ გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მშენებლობა დროებით შეჩერდა. ზესტაფონის სასამართლომ კი იეჰოვას მოწმეებს დარბაზის მშენებლობის ნება დართო. მიუხედავად ამისა, თერჯოლაში საკითხის განხილვა მიმდინარეობს. 26 აპრილს თერჯოლაში შეხვედრა გაიმართა, თუმცა, როგორც ზაურ ობოლაძე აღნიშნავს, შეხვედრას, მიუხედავად მიწვევისა, იეჰოვას მოწმეები არ დაესწრნენ. მისივე თქმით, სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება და იეჰოვას მოწმეებს ახალი ადგილი შესთავაზეს, თუმცა მეორე მხარე ალტერნატიული ფართს არ თანხმდება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი