|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს მუშაობაში მოქალაქეების თანამონაწილეობა იზრდება

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში"ცვლილებები შედის, რის თანახმადაც,  ნებისმიერ პირს უფლება ექნება, წინასწარი შეტყობინების, ან ნებართვის გარეშე საკრებულოს და საკრებულოს კომისიის ღია სხდომებს დაესწროს.
 პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, თუ სხდომაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა გამოყოფილ ადგილების რაოდენობაზე მეტია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებული იქნება უზრუნველყოს მათ ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც სხდომაზე დასწრების მსურველებს საშუალებას მისცემს, სხდომის მსვლელობას მოუსმინონ. 
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიის სხდომაზე დამსწრე პირს, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, უფლება ექნება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება და წარადგინოს ინფორმაცია. 
ასევე, კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში - გამოვიდეს მომხსენებლად, ან თანამომხსენებლად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში.
კოდექსში გათვალისწინებული ცვლილების თანახმად,   მუნიციპალიტეტებში დასახლების საერთო კრებები და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები შეიქმნება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი