|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის „მწერალთა კავშირის“ დონე საკმარისი არ აღმოჩნდა“

პოეტ ნინო გვენცაძის კრებულის დაბეჭდვასთან დაკავშირებით მერიის კულტურის სამსახურში აღნიშნავენ, რომ პოეტს რეკომენდაცია რევაზ მიშველაძემ გაუწია. მწერალთა კავშირმა პოეტის კრებული ქალაქის მერს წარუდგინა და ბეჭვდვაზე თანხმობაც მიიღო. ასევე ცნობილი ხდება, რომ უახლოეს დღეებში პეოტს იუბილე აქვს და ამ დღის აღსანიშნავად ხდება წიგნის დაბეჭდვა. როგორც კულტურის სამსახურში განმარტავენ, პრეტენდენტებს   "მწერალთა სახლი“  წარადგენს. შერჩევის ერთერთი მთავარი კრიტერიუმი კი მოახლოებული დაბადების დღე ხდება ხოლმე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ქუთაისის  „ქუთაისის მწარალთა კავშირის“ თავმჯდომარე თემურ ლანჩავა.

„ამ წარდგენის შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ, ამ ქალბატონმა თბილისს მიმართა. ეტყობა, ჩვენი დონე საკმარისი არ აღმოჩნდა“,–განაცხადა თემურ ლანჩავამ.

ლანჩავასგან განსხვავებით, ქუთაისსა და თბილისს შორის კოორდინაციაზე საუბრობს „მწერალთა კავშირის“ თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე. მისი განცხადებით, ქუთაისის და თბილისის მწერალთა კავშირები ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ და ნინო გვენცაძეს კავშირში გასაწევრიანებლად რეკომენდაცია სწორედ ქუთაისმა  გაუწია.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ არ იცოდნენ, თუმცა ეს ჩვენს თანამშრომლობას არ ცვლის. ნინო გვენცაძეს რეკომენდაცია სწორედ ქუთაისმა გაუწია.  ჩვენ კავშირის ყველა წევრის გამოუქვეყნებელ წიგნს ვეცნობით, თუ ის არის საშუალო მხატვრული ღირებულების, შემდეგ რეკომენდაციით მივმართავთ შესაბამის ქალაქის ხელმძღვანელობას. ამ შემთხვევაშიც მივმართეთ ქუთაისის მერიას. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ, დანარჩენს მერია წყვეტს“,–განაცხადა რევაზ მიშველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ პოეტის კრებულის დასაბეჭდად 1120 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი