|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა

საქართველში საარსებო მინიმუმი შემცირდა. ივლისში ივნისთან შედარებით ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6 ლარით, ხოლო საშუალო ოჯახის - 11 ლარით შემცირდა. ეს მაშინ, როდესაც "ბიგ მაკის" ინდექსით საქართველოში სამომხმარებლო ფასები მსოფლიო ფასების დონეს 85%-მდე მიუახლოვდა.        სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შრომისუნარიან მამაკაცს არსებობისთვის თვეში 155 ლარი უნდა ეყოს. სტატისტიკოსების გათვლებით, ერთსულიანი ოჯახისთვის საკმარისია 137 ლარი, ორსულიანმა ოჯახმა 220 ლარი უნდა იკმაროს, სამსულიანისთვის - 248 ლარია გაწერილი, ოთხსულიანმა ოჯახმა კი 275 ლარით უნდა იცხოვროს.                                                      

აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა კი არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის ადამიანის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.               

ამ გათვლებით, საარსებო მინიმუმი შემცირდა, მაგრამ ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან ერთად, საქართველოში პროდუქტის გაძვირება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. 

 "ბიგ მაკის" ინდექსის მიხედვით, საქართველოში სამომხმარებლო ფასები მსოფლიო ფასების დონეს 85%-მდე მიუახლოვდა, ამერიკის დონეს კი 63%-მდე. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების დონე ასევე მსოფლიო მაჩვენებლის 50%-მდეც ვერ აღწევს.

წყარო: რეზონანსი

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი