|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კერძო ბიზნესში ჩარევა თუ კანონის დაცვა?

ქუთაისში,  რესტორან "თეთრი ქვების" გარე ფასადზე რეკლამის განთავსების საკითხი  სოციალურ ქსელში განხილვის თემად  მას შემდეგ იქცა, რაც ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა  განცხადება გაავრცელა, რომ "რეკლამის შეუთანხმებად განთავსების გამო, ქუთაისის მერიამ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები და სამართლებრივ ფორმაში მეწარმეს მოუწევს ხარვეზის აღმოფხვრა". საზოგადოების ნაწილმა ეს კერძო ბიზნესში ჩარევად მიიჩნია.

რა დარღვევებს აქვს ადგილი "თეთრი ქვების" აბრა -რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართეთ. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბექა ჭეიშვილის განცხადებით, რეკლამის განთავსების შესახებ შეთანხმება ადგილობრივ თვითმმართველობასთან არ ყოფილა: "გარე ფასადებზე რეკლამის განთავსება უნდა შეთანხმდეს მერიასთან. ამ შემთხვევაში შეთანხმება არ მომხდარა. თუკი რეკლამის მასტაბებში იქნება დარღვევა, მეწარმე ვალდებულია ის გამოასწოროს და შესაბამისად მიიღოს თანხმობის ნებართვა. თუ დარღვევა დაფიქსირდა და ერთი თვის მანძილზე არ გამოასწორა, დაეკისრება ჯარიმა", - განაცხადა ბექა ჭეიშვილმა.

"ნიუპრესი" რესტორნის წარომადგენელსაც ესაუბრა. გოჩა სილაგაძე მომხდარს ბიზნესზე ზეწოლად არ მიიჩნევს და ხარვეზის აღმოფხვრისათვის მზადყოფნას აცხადებს: "არ ვიცოდით, თუ იყო საჭირო ნებართვის აღება. ჩვენ კანონის დარღვევა არ გვიყვარს და თუ საჭიროა,  მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობას",- განაცხადა  გოჩა სილაგაძემ.


ავტორი: ანა ჯიქია