|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაძვირდება თუ არა პური საქართველოში?

 პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში ხორბლის ძალიან დიდი მოსავალია.
"შეიძლება ის ცალსახად სასურსათო დანიშნულების არ იყოს, მაგრამ შერევისთვის ეს არის მისაღები ხარისხი. პლუს ამას ემატება საერთაშორისო ბირჟებზე გაიაფებული ხორბლის ფასები, შესაბამისად, ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
  ფქვილზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურშიც პასუხობენ და აცხადებენ, რომ ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში დაუბრკოლებლად მიმდინარეობს.
"გეზში საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულდება ერთ დღეში. ამის დასტურია სტატისტიკური მონაცემები - თუკი 2013-2014 წლებში 209 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, 2015 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, შემოსულია 240 ათასი ტონა ხორბალი. ამავე პერიოდში ზრდის ტენდენცია აღინიშნება ფქვილის იმპორტთან დაკავშირებითაც", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
 შეგახსდენებთ,  პურის ფასის მინიმუმ 10 თეთრით  გაძვირების შესახებ  გაზეთ "კვირის პალიტრას" "იფქლის" ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ განუცხადა. მისი  თქმით,  ფქვილის იმპორტს ხორბლის შემომტანი კომპანიები ზღუდავენ.
როგორც  ბაკურაძემ აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბალი, პრაქტიკულად, ერთ კომპანიას შემოაქვს, რომლის მფლობელიც კოკი ოსიპოვი გახლავთ.
 ბაკურაძის თქმით, ფქვილის შემოტანა თავადაც სცადა, თუმცა ტვირთი საბაჟოზე გააჩერეს. მისი თქმით, ფქვილით დატვირთული ტრაილერები ტერმინალზე თვეობითაა გაჩერებული და შემომტანებს ტვირთის დაცლის საშუალებას არ აძლევენ.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე