|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლის სახურავებს უცვლიან

ქუთაისში ავარიულ სახურავიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელსაც 57000 ქულას ქვემოთ აქვს, ქუთაისის მერია დაზიანებულ სახურავს უცვლის.

დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ერთ-ერთი ასეთი ოჯახი მოინახულა. კოტე მესხის # 12 ში ოცსულიან ოჯახში ქალაქის მერმა სახუარვის გადახურვის პროცესი შეამოწმა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „ამაგი“ ასრულებს.

წელს სულ 60 ოჯახი გადაიხურება, რომლის ღირებულება 282 496 ლარს შეადგენს. პროექტი საბოოლოოდ სექტემბერში დასრულდება.

,,შარშან აღნიშნული პროგრამა იყო საპილოტე და 33 სახლი გადაიხურა. მოქალაქეთა მოთხოვნის გამო პროგრამა წელსაც გაგრძელდა და დაფინანსება გაორმაგდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქუთაისი პირველი ქალაქია, სადაც ,, სოციალურად დაუცველი ოჯახების“- სახლების გადახურვის პროგრამა ხორციელდება“,- აღნიშნა შოთა მურღულიამ.

სოციალურად დაუცველების გარდა საცხოვრებლი სახლების გადახურვის პრობლემა სხვა პირებსაც აწუხებთ.   ჯავახიშვილის ქუჩის  მოსახლეობა ამავე ქუჩის 1-ლი შესახვევის #15 ბინის წინაშე არსებული ავარიული სახურავის პრობლემაზე საუბრობს. როგორც ისინი ამბობენ, პრობლემის შესახებ მერიაში დიდი ხანია იციან.  " აღნიშნული ბინის ამხანაგობის თავმჯდომარემ, დავით ხელიძემ ასოციაციაში შემოტანილ განცხადებას წლების მანძილზე მერიის შესაბამის სამსახურებთან არსებული მიმოწერის დამადასტურებელი მასალებიც წარმოუდგინა, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ პრობლემა მეტად სერიოზულია და ბინა სახურავის ჩამონგრევის საფრთხის წინაშე დგას", - ნათქვმია ბინათამხანაგობის განცხადებაში.

იდენტური პრობლემები დაისვა ბუხაიძის მე-2 მიკრორაიონის #23, ჯავახიშვილის 1-ლი შესახვევის #22, ჯავახიშვილის 1-ლი შესახვევის # 26 ბინების ამხანაგობების თავმჯდომარეთა მიერ, რაც მათ ბინებში მერიის თანადაფინანსებით დაგეგმილი პროექტების შესრულების გაჭიანურებას შეეხებოდა. აღნიშნული ბინების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მათ თავიანთ კუთვნილი წილი დაფინანსებაში კარგა ხნის წინ აქვთ გადახდილი, მაგრამ სამუშაოების შესრულება ჭიანურდება.

ავტორი: ანა ჯიქია