|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი ქარმა გააფუჭა

საქართველოში წელს თხილის მცირე მოსავალს ელიან. სამეგრელოსა და გალის ტერიტორიაზე ძლიერმა სიცხემ და ქარმა მოსავლის დიდი ნაწილი გააფუჭა. სწორედ მცირე მოსავალია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივები თხილზე ფასის ზრდას ვარაუდობენ.

მსგავსი ვითარებაა კახეთშიც - თხილის მოსავალს აქაც მცირე რაოდენობით ელიან. როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციში ამბობენ, დაზუსტებული მონაცემები აგვისტოს ბოლოს იქნება ცნობილი, როცა მოსავლის აღება დასრულდება. ამ დროისთვის, ქარხნებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 5-დან 7 ლარამდე მერყეობს.

მწარმოებელთა თქმით, მიმღებ პუნქტებში თხილის ფასი დღეში რამდენჯერმე იცვლება, რაც თხილის ხარისხიდან გამომდინარეობს. გასულ წელს, ბაზარზე ერთი კილოგრამი თხილის ფასი 10-11 ლარი იყო.

მწარმოებლების ვარაუდით, მიმდინარე წელს თხილის ფასი შესაძლოა 14 ლარამდე გაიზარდოს, რადგან მოსავალი მცირეა, მოთხოვნა კი მაღალი.



წყარო:www.bpn.ge

ავტორი: ანა ჯიქია