|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის მაღაროელების 15 მოთხოვნიდან - მთავარი საკითხი პასუხგაუცემელი რჩება

„ჯორჯიან მარგანეზის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მიერ დაყენებული 15  მოთხოვნიდან,  საწარმოს ხელმძღვანელობას უმრავლესობა უკვე გადაწყვეტილი აქვს. თუმცა მაღაროელების მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც ხელფასების მატებას შეეხება, საწარმოს ადმინისტრაციაში პასუხი არ ვაქვთ.

„მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი ერთ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. მუშების პრეტენზიების განხილვისას აღმოჩნდა, რომ მათი დიდი ნაწილი უკვე მოგვარებულია. მაგალითად, ყველა მაღაროელს აქვს დაზღვევა და ეტაპობრივად ურიგდებათ სადაზღვევო პოლისები. შრომითი ხელშეკრულებებიც უმრავლესობასთან გაფორმებულია. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ეს პრობლემაც გადაჭრილია და მუშები ასევე,  ეტაპობრივად იღებენ ტანისამოსსა და  ფეხსაცმელს, რადგან მაღაროელების რაოდენობიდან გამომდინარე, ერთ დღეში ამის გაკეთება შეუძლებელია. მუშების სასარგებლოდ, გადაჭრლია ტექნიკური გადაიარაღების საკითხიც,“ -  ამბობს საწარმოს პრესსამსახურის წარმომადგენელი მაკა კვარაცხელია.

„ჯორჯიან მარგანეზი“ ჭიათურაში დაახლოებით  6 თვის წინ შემოვიდა. როგორც მაკა კვარაცხელია ამბობს, საწარმოში  მათ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა დახვდათ.

„ჩვენი ამოცანაა, საწარმოში რისკ-ფაქტორები ნოლამდე იყოს დაყვანილი, რასაც გარკვეულწილად მივაღწიეთ.  ამ პერიოდის განმავლობაში საწარმოში ბევრი რამ გაკეთდა. ერთადერთი რაზეც ვერ გიპასუხებთ, ხელფასების მატების საკითხია. ამჟამად, გენერალური დირექტორი და ინვესტორი მსჯელობენ რისი გაკეთება შეიძლება,“ - ამბობს მაკა კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურელი მაღაროელები  ხელფასის 10%-იანი  მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების  მოთხოვნით დღეს გაიფიცნენ.  გაფიცულებსა და ქარხნის ხელმძღვანელობას შორის მოლაპრაკების პირველი მცდელობა ჩაიშალა, თუმცა  მაღაროელები მათი მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ.

ამ ეტაპზე გაფიცულთა რაოდენობა 1000 კაცამდეა.

„ჯორჯიან მარგანეზში“ დაახლოებით 3 700-მდე ადამიანია დასაქმებული. საწარმოს ადმინისტრაციის ცნობით, მათი საშუალო ანაზღაურება 750 ლარს შეადგენს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა