|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრესის სახლში კრიმინალისტემი ამ დრომდე მუშაობენ

ქუთაისში, პრესის სახლში განთავსებული ორგანიზაციების მეპატრონეებისათვის, ხანძრის შედეგად მათ ოფისებში არსებული ვითარება უცნობია. ამ დროისთვის ისინი შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ.

„მითხრეს, რომ 2-3 საათი დააგვიანდება ვიდრე შენობაში შეგვიშვებენ. ჯერ ექსპერტებმა და კრიმინალისტებმა უნდა დაათვალიერონ ტერიტორია,“ -  ამბობს რადიო „ძველი ქალაქის“  პროგრამების დირექტორი ქეთი ბერძენიშვილი.

ანალოგიურ მდგომარეობაში არიან პრესის სახლში განთავსებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

„არაფერი ვიცი შიგნით რა ხდება. ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი სასწრაფო დახმარებამ წაიყვანა. სავარაუდოდ,ბევრი კვამლი ჩაყლაპა. წაყვანისას ექიმებმა თქვეს, რომ მდგომაროება მძიმე არ იყო.  სხვა არაფერი ვიცი. სანამ საგამოძიებო ჯგუფი შენობაში მუშაობას არ დაასრულებს, მანამდე იქ შესვლის უფლებას არ გვაძლევენ,“ - ამბობს ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის მენეჯერი ნანა თოშხუა.

ქუთაისსი, პრესის სახლის ბოლო სართულს  ცეცხლი დღეს, დაახლოებით 15:20 საათზე გაუჩნდა. პრესის სახლში მომუშავეთა განცხადებით,  ცეცხლი სავარაუდოდ, მეხუთე სართულის ბოლოს მდებარე ნაგვის ოთახს გაუჩნდა.

პრესის სახლის  ხუთსართულიან შენობაში ადგილობრივი გაზეთის რედაქცია, ორი რადიო და ერთი ტელეკომპანია ფუნქციონირებს.  ამ დროისთვის მეხანძრეებმა შენობაში ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა ადგილზე სახანძრო და საპატრულო პოლიციის მანქანები კვლავ რჩებიან.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე