|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხანძრის შემდეგ პრესის სახლი დალუქეს

ქუთაისში, პრესის სახლში გაჩენილი ხანძრის შემდეგ,  ადგილზე არსებული  ვითარების გასაცნობად კრიმინალისტებმა შენობაში განთავსებული ორგანიზაციების თითო წარმომადგენელი შეუშვეს. ხოლო შემდეგ შენობა, ხვალამდე, დალუქეს.

პრესის სახლის შენობაში განთავსებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზარალს მეტ-ნაკლებად გადაურჩნენ. 

„ჩვენთან დამწვარი როგორც ასეთი, არაფერი არ არის. თუმცა შენობის უკანა ნაწილი დაზიანებულია  და წყალი არის ჩამოსული.  ამ ეტაპზე შენობას არ მიეწოდება შუქი, რადგან ელექტროგადამცემი სადენები დამწვარია. ხანძრის შედეგად დაზიანდა ჩვენი თანამშრომელი, რომელსაც ტოქსიკური მოწამლვა დაუდგინეს და გადასხმებს იკეთებს,“ - ამბობს ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს ჟურნალისტი ნინო ჩიტიაშვილი.

"მეგა ტვ"-ს გარდა, ხანძრის შედეგად ზარალს გადაურჩა რადიო „ძველი ქალაქიც“.

„გადავრჩით, რადგან დაზინებები არ არის. თუმცა პრობლემაა იმ კუთხით, რომ შუქი არ არის და არ ვიცით მაუწყებლობის საკითხი როგორ იქნება,“ - ამბობს რადიო „ძველი ქალაქის“  საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხატია კბილაშვილი.

ზემოთჩამოთვილი მედია საშუალებებისგან განსხვავებით არ გაუმართლა „თეთრ რადიოს“, რომელიც ასევე, პრესის სახლის შენობაში ფუნქციონირებს.

„ყველაზე მეტი ზარალი ჩვენ მივიღეთ,  რადგან ცეცხლი ჩვენს წინ იყო. შედეგად, კარი, ოპტიკური ინტერნეტისა და შუქის სადენები დამწვარია. ხვალ ყველანაირად ვეცდებით, რომ აღვადგინოთ მაუწყებლობა,“ - ამბობს რადიოს ხელმძღვანელი რუსუდან ხეცურიანი.

პრესის სახლის შენობას ცეცხლი დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე  გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ბოლო, მეხუთე სართულზე მდებარე ნაგვის ოთახს მოეკიდა. მეხანძრეების განცხადებით, ხანძარი საკამოდ ძლიერი იყო. რის გამოც ცეცხლს საგანგებო სიტუაციების სამსხურის რამდენიმე მანქანა ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში აქრობდა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე