|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცულ მაღაროელებს მოვაჭრეები შეუერთდნენ

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მოშიმშილე ნუგზარ შეყილაძეს დღეს კიდევ რამდენიმე მუშა დაემატა. ისინი მაღაროში ორი კილომეტრის სიღრმეზე იმყოფებიან და შიმშილობის შეწყვეტას მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულმა პირებმაც გამოუცხადეს.

„მოვაჭრეები შემოგვიერთდნენ იმიტომ, რომ ისინი ჩვენით არიან. თვიდან თვემდე ვაჭრებისგან „ნისიად“ გამოგვაქვს ყველაფერი, რადგან ხელფასი ნორმალური არ არის. ინვესტორი თავის მხრივ აცხადებს, რომ მას გასაცემი თანხა არ აქვს.  გუშინ სტუდენტები იყვნენ მოსული, რომლებიც ჩვენს სამუშაო პირობებს გაეცნენ. ამ წუთებში აქ უამრავი ხალხი იმყოფება. გაფიცულები სხვადასხვა მაღაროებზე არიან განაწილებული. არავინ დაშლას არ აპირებს. ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენებთ ინვესტორს, რომ თვითონ წავა აქედან,“ – ამბობს ერთ–ერთი გაფიცული მაღაროელი ნონა ბიწაძე.

გაფიცული მაღაროელების აქციაზე დღეს პლაკატებიც გამოჩნდა. „მუშა და არა მონა“, ამგვარია მაღაროელთა საპროტესტო აქციის სლოგანი.  მუშების განცხადებით, მათი წარმომადგენელი 21 ოქტომბერს, ქუთაისში, პარლამენტის სხდომაზე ჩამოსულ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.  როგორც მუშები ამბობენ, მათმა წარმომადგენელმა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს მაღაროელთა  მიმართვა და მოთხოვნები გადასცა.

„მომავალი პრემიერ–მინისტრი დახმარებას დაგვპირდა. ალბათ 3–4 დღეში მოგვარდება ჩვენი პრობლემა. მანამდე კი არსად წასვლას არ ვაპირებთ და ჩვენი მოთხოვნებიც უცვლელია,“ – ამბობენ გაფიცულები.

ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო აქციებს უკვე მეორე კვირაა მართავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების 100%–იან მატებას, ინვესტორის წასვლასა და საწარმოს ადგილობრივი ხელმძღვანელობის დასჯას ითხოვენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე