|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბავშვო ბაღებში რეფორმები იგეგმება

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქუთაისის საბავშვო ბაღებში სისტემური რეფორმების გატარებას გეგმავენ.

ამ მიზნით, იმერეთის ახალი გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე, ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი, დღეს ბაგა–ბაღების აიპი გაერთიანების მე-12 ფილიალს ესტუმრნენ. მათი განმარტებით,  ბაღებში ბოლო წლებში გატარებული რეფორმების მიუხედავად, სხვადასხვა სახის საკითხები კვლავაც მოსაგვარებელია. ,,ბოლო წლების მანძილზე, ბევრი კარგი რამ გაკეთდა ქუთაისის ბაღებში, მაგრამ ინფრასტრუქტურული კუთხით, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ, დღეს ვეწვიეთ ბაღს და გავეცანით აქ არსებულ პრობლემებს. სკოლამდელ აღსაზრდელებზე პასუხისმგებლობა, ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა. ასე, რომ ჩვენ ვაპირებთ ბაღებში სისტემური რეფორმების გატერება დავიწყოთ“, – ამბობს ვახტანგ ბალავაძე.

ქუთაისის ბაღებში  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ქუთაისის მერმა, ბესო ბრეგაძემაც ისაუბრა. ,,განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბაღის ეზოების მოწყობას, რათა ყველანაირი კომფორტი შეექმნათ აღსაზრდელებს“, – ამბობს ბესო ბრეგაძე.

როგორც ირკვევა, ქუთაისის ბაღებში, გასულ წელთან შედარებით,  4000 – ით მეტი  აღსაზრდელი სწავლობს. ბავშვების გაზრდილი რაოდენობა კი ქუთაისის ბაღებში  გარკვეულ პრობლემებს იწვევს. ,,როცა გაერთიანებები იქმნებოდა, მაშინ მხოლოდ ხუთი ათასამდე ბავშვი გყავდა. დღეს ეს რაოდენობა გაორმაგდა და ახლა უკვე 8958 აღსაზრდელი გვყავს. ამიტომ, ბავშვების მოთავსების კუთხით უკვე პრობლემები გვექმნება“ , – ამბობს აიპი ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების დირექტორი მაია პაქსაძე.

ბაღებში არსებული ყველა პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებით, რეფორმების გატარების შემდეგ მოგვარდება. მათი თქმით,  მომსახურების სერვისი მთლიანად იქნება მორგებული მშობლისა და ბავშვის კომფორტზე.  გარდა ამისა, მოხდება კადრების გადამზადება და შეიცვლება სასწავლო პროგრამები. ასევე, იგეგმება ბაღში მომსახურე პერსონალისა და მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდაც.

ხელისუფლებაში განმარტავენ, ინფორმაცია ბაღებში კონკრეტული ცვლილებების გატარების შესახებ საზოგადოებისთვის ერთ კვირაში გახდება ცნობილი. 

ავტორი: ანა ჯანაშია