|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბობოხიძე ივანიშვილს პრეზიდენტად სააკაშვილის აღიარებას სთხოვს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე მომავალ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სთხოვს, თავისი გამოსვლების დროს მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად მოიხსენიოს. როგორც ბობოხიძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტია და ის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არ არის.

 უმცირესობის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ უმცირესობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეხვედრის დროს, დარბაზში შემოსულ ივანიშვილს ოპოზიცია ფეხზე წამოუდგა.  „უმრავლესობისაგან განსხვავებით, რომლებმაც პარლამენტის პირველ სხდომაზე დარბაზში ქვეყნის პრეზიდენტის შემოსვლისას ფეხზე არ წამოდგნენ. ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა წარმატებები, თუმცა ცხადია იდეალური ხელისუფლება არ არსებობს და შეცდომები ყველას მოსდის. ქვეყნის წინა მთავრობის მიერ მიღწეული შედეგების პიარ-პროგრამებად მონათვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება მხოლოდ იმის გამო, რომ ეს შედეგები ბიძინა ივანიშვილის მიერ  2008 წლის შემდეგ არასასურველ პირს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, არ არის სწორი,“ - ამბობს აკაკი ბობოხიძე.

ბობოხიძის განცხადებით, ივანიშვილი პირდაპირ არ ამბობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის პრეზიდენტად არ აღიარებს, თუმცა მისი ქცევები ამაზე მეტყველებს.

უმცირესობასა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა დღეს 12:00 საათზე დაიწყო და ის  ამ წუთებშიც გრძელდება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე