|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმრავლესობის საარჩევნო პროგრამას უმცირესობა ოცნებად აფასებს

ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები და ვადები ვერ მიიღეს.

„მე მოვინიშნე ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი. მინდა ვთქვა, რომ კონკრეტული ვადები იგივე სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით არ არის.  სამოქმედო პროგრამა კონკრეტული ვადებისა და რიცხვის გარეშე, იგივე ოცნებაა. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს არ არის აჟიოტაჟი. ეს არის კონკრეტული კითხვები, რომელიც გვაინტერესებს,“ - ამბობს უმცირესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი.

ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული პასუხებით უკმაყოფილოა უმცირესობის კიდევ ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით, ის წინააღმდეგობა რაც არსებობს კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებებს, სამთავრობო პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატების პროგრამებს შორის, წინააღმდეგობად რჩება.

„ამ წინააღმდეგობას ვერც ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ უშველა, თუმცა კმაყოფილი ვარ იმით, რომ შეხვედრა შედგა. მაკვირვებს ივანიშვილის კონფრონტაციული ტონი, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ადამიანის უფლებების სრული დარღვევა. როგორც ჩანს, მან არ იცის რა არის 90-იანი წლები, რა ხდებოდა მაშინდელ საქართველოში,“ - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მტკიცებით, მან ოპოზიციას ვადებთან დაკავშირებით უპასუხა, თუმცა მათი მხრიდან პასუხგაცემული კითხვების ფორმულირება კვლავ ხდებოდა. ამიტომ, ივანიშვილი ოპონენტებს, რეალობაში სწრაფად დაბრუნებისა და ობიექტური კრიტიკისაკენ მოუწოდებს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე