|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკლესიაში ანტონ ლორთქიფანიძის საფლავი აღმოაჩინეს

ქუთაისში, გორის უბანში არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ანტონ ლორთქიფანიძის საფლავი აღმოაჩინეს. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დამაარსებლის ანტონ ლორთქიფანიძის საფლავი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.

ცნობების თანახმად, მისი საფლავი აღნიშნული ეკლესიის გალავანში იყო, მაგრამ მოძიების შემდეგ საფლავი ვერ აღმოაჩინეს. „უძველეს საფლავებზე სახელები უკევ გადაშლილი იყო, ამიტომ იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა“, - ამბობს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძე. სწორედ ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მოახერხეს, ერთწლიანი ძიების შემდეგ საფლავის პოვნა.

 ჟურნალ „ივერიაში“ აღმოჩნდა ცხობა, სადაც მითითებული იყო, რომ ანტონ ლორთქიფანიძე, მისი მეუღლის ლოლა ყიფიანის გვერდით იყო დაკრძალული არა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, არამედ თავად ეკლესიაში.

„საფლავის მოძიებაში დიდი დახმარება გაგვიწია მწერალმა თემურ ამყოლაძემ, ფაქტობრივად მან დაგვაკვალიანა. „ივერიაშიც“ მოვიძიეთ საგაზეთო წერილი, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ანტონ ლორთქიფანიძე 26 ოქტომბერს თბილისიდან ჩამოასვენეს და 27 ოქტომბერს დაასაფლავეს გორაზე არსებულ ეკლესიაში. შიგნით ტაძარში მეუღლის საფლავის ქვა არსებობს, თავად ანტონი ლორთქიფანიძის საფლავი არ ჩანს, რადგან იატაკია გადაგებული. ჩვენი დიდი სურვილია, რომ სამომავლოდ, ტაძარში არსებობდეს დაფა, სადაც ცნობა იქნება ანტონ ლორთქიფანიძის შესახებ“, - ამბობს რიტა წაქაძე.

ანტონ ლორთქიფანიძის ეკლესიაში დაკრძალვაში საკვირველს ვერაფერს ხედავენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები, რადგან „ანტონ ლორთქიფანიძეც და მისი მეუღლეც  სერიოზული საზოგადო მოღვაწეები იყვნენ. ანტონ ლორთქიფანიძემ არა მხოლოდ ბიბლიოთეკა დააარსა და 20 წლის განმავლობაში საკუთარო სახსრებით ინახავდა, არამედ დიდი ღვაწლი მიუძღვის თეატრისა და დღევანდელი მე-2 საჯარო სკოლის, იგივე ძველი ქართული გიმნაზიის  დაარსებაში“, - ამბობს რიტა წაქაძე.

27 ოქტომბერს ანტონ ლორთქიფანიძის გარდაცვალებიდან  118 წელი შესრულდა. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი