|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცული მაღაროელების ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუატის მალხაზ წერეთლის განცხადებით, გაფიცული მაღაროელების ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა. რადგან ინვესტორის მოთხოვნის მიხედვით, თუ მუშები ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, გაცდენილი დღეების ანაზღაურებას არ მისცემდნენ.

„ამ დრომდე მაღაროელებსა და „ჯორჯიან–მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება არ შემდგარა. ინვესტორმა მის კუთვნილ „ტაო პრივატ ბანკში“ მუშებისათვის საპროცენტო განაკვეთები 36%–დან 21%–მდე შეამცირა. მუშებს სახელფასო ბარათთან ერთად საკრედიტო ბარათის აღებასაც  ავალდებულებდნენ, რასაც ესენი აპროტესტებდნენ.   გაფიცულებს საგამოძიებო კომისიის დიდი იმედი აქვთ და ჭიათურაში კომისიის ჩასვლის შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას ხელფასის 100%–იანი ზრდის გარეშე გეგმავენ,“ – ამბობს მალხაზ წერეთელი.

გაფიცული მუშების განცხადებით, ისინი ჭიათურაში კომისიის ჩასვლას ხვალ ელოდებიან, თუმცა მალხაზ წერეთლის თქმით, კომისია ამ დროისთვის შექმნილი არ არის.

„თინა ხიდაშელი როდესაც ჩვენთან იყო ჩამოსული, დაგვპირდა, რომ კომისიას ის უხელმძღვანელებს და მაღაროში არსებულ ვითარებას შეისწავლიან. თუ კომისია არ ჩამოვა, მერე უკვე არ ვიცი რა მოხდება,“– ამბობს ერთ–ერთი მუშა ნონა ბიწაძე.

ჭიათურელი მაღაროელები აქციებს უკვე მესამე კვირაა მართავენ. მათ მთავარ მოთხოვნას ხელფასების 100%–იანი ზრდა წარმოადგენს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ინვესტორსა და მუშებს შორის   მოლაპარაკების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე