|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალმომარაგების პრობლემა იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტს აერთიანებს

წყალმომარაგება ის მთავარი პრობლემური საკითხია, რომელიც  იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტეს აერთიანებს.

რეგიონის მუნიციპალიტეტების საერთო პრობლემა პროექტის "ჩემი ხმა პარლამენტში" ფარგლებში საიას ქუთაისის ფილიალმა გამოავლინა. ორგანიზაციამ პრობლემების გამოსავლენად მუნიციპალიტეტებში გამოკითხვები ჩაატარა. ფოკუს ჯგუფმა 12–ვე მუნიციპალიტეტი მოიცვა, სადაც ჯამში 144 ადამიანი იქნა გამოკითხული.

ფოკუს ჯგუფის  შედეგების პრეზენტაცია  საიას ქუთაისის ფილიალმა დღეს გამართა, ადგილობრივ  არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან.

"მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემები გამოიკვეთა. თუმცა, მათ შორის ყველაზე  მწვავედ  წყალმომარაგება და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები დგას. კერძოდ, წყლის ხარისხი, მისი მიწოდება თუ  გრაფიკის გონივრულობა", – განმარტეს  პრეზენტაციაზე.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, სასმელი  წყლის უხარისხობის მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტშია. "მოსახლეობა ამბობს, რომ 2010 წლიდან დღემდე წყალმომარაგების კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. უფრო მეტიც, წყალში აღმოჩენილია  ჩხირები და გამორიცხული არაა ამან მუნიციპალიტეტში ეპიდემიის აფეთქება გამოიწვიოს. ამიტომაც, მოსახლობა სასმელ წყალს ყიდულობს", – აღნიშნეს პრეზენტაციაზე.

"მუნიციპალიტეტებში  არსებული საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, მოხდეს ერთი კონკრეტული  პრობლემის რეგიონის ჭრილში დანახვა და მერე მისი გადაწყვეტა. რადგან,  არაეფექტურია, როდესაც ცალ–ცალკე მუნიციპალიტეტები მუშაობენ პრობლემის მოსაგვარებლად“, – განმარტა საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა და  პროექტის "ჩემი ხმა პარლამენტში" კოორდინატორმა ნოდარ ჯიქიამ.

პროექტი "ჩემი ხმა პარლამენტში"  ხორცილდება  საიას ქუთაისის ფილიალის მიერ, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის "საქართველოს პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების"  (G-PAC) ფარგლებში. პროექტის მიზანია მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირება, საარჩევნო პროგრამებში მათი ასახვა და ასევე, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გააქტიურება დაფიქსირებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა