|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულელი მეშახტეების პროტესტმა პარლამენტთან გადაინაცვლა

ტყიბულელი მეშახტეები ტყიბულში შახტების გაუქმების გადაწვეტილებას აპროტესტებენ. შახტების ლიკვიდაციის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით,  ისინი დღეს პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.

მეშახტეები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევში არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის გადადგომის საკითხიც დააყენონ. რადგან მეშახტეები თვლიან, რომ შახტების გაუქმების გადაწყვეტილება შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდეს.

ტყიბულში ორი შახტაა, ძიძიგურისა და მინდელის სახელობის. აღნიშნულ შახტებს საქციო საზოგადოება „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯი“ ჯგუფი ფლობს, რომლის მესაკუთრე დავით ბეჟუაშვილია.

მეშახტეების განცხადებით, ტყიბულელები შახტებში მუშაობით ირჩენენ თავს. მათი დახურვის შემთხვევაში კი ოჯახებს შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

„ხალხს შახტების იმედად ბანკებიდან ვალები გვაქვს აღებული. ჯერ ხელფასების მატებას ვითხოვდით, მაგრამ ძველი ხელფასიც სანატრელი გაგვიხადეს. შახტა თუ დაიხურა, ხალხი პურის ფულის გარეშე რჩება. ძიძიგურის შახტის საერთოდ ლიკვიდაციაზეა საუბარი. მინდელის შახტაში ოთხი უბნიდან ორ უბანს ტოვებენ. მოვითხოვთ, შეჩერდეს ეს პროცესი. ჩვენ არ ვაპირებთ აქციების შეწყვეტას ჩვენი მოთხოვნების შესრულებამდე,“ -ამბობს  აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მეშახტე  ანზორ კუბლაშვილი.

მეშახტეების აქციას პროფკაშირებიც შეუერთდნენ. რომლებიც აცხადებენ, რომ შახტების მფლობელმა კომპანიამ მეშახტეები უკვე ბევრჯერ მოატყუა.

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის  ელისო ჩაფიძის თქმით, ხელისუფლებაში დარჩენილი „ნაციონალების“ ნაწილი მეშახტეებზე შურისძიებას ცდილობს. რადგან საპარალმენტო არჩევნებში ტყიბულმა „ნაციონალ“ პავლე კუბლაშვილს „მეოცნებე“ ელისო ჩაფიძე არჩია.

„შახტების გაუქმების გადაწყვეტილება მიხეილ სააკშვილის კაბინეტში მიიღეს თუ „ნაციონალების“ შეხვედრაზე, ეს კიდევ გასარკვევია. მე მოვუწოდებ მათ, შეწყვიტონ მეშახტეებზე შურისძიება. თუ ეს ხალხი გუშინ შახტების ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვდა, ხვალ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას დააყენებენ,“ - ამბობს ელისო ჩაფიძე.

ტყიბულში ამ დროისთვის შახტების მუშაობა შეჩერებულია. ობიექტებზე დასაქმებულ პირთა რიცხვი დაახლოებით 1360 ადამიანს მოიცავს, ხოლო მათი საშუალო ხელფასი 500 -600 ლარს შეადგენს.

შახტების გაუქმების წინააღმდეგ მიმართულ აქციას მეშახტეები 23 ნოემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გააგრძელებენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა