|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი დაიწუნეს

ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის მოცულობა 40 მლნ ლარით  განისაზღვრა.  თუმცა, დაწუნებული პრიორიტეტების გამო, ქალაქის საკანონმდებლო ორგანომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიუჯეტის  პროექტი უკან მიუბრუნა.

 ქალაქის მერიამ  სამსახურების მიერ შემუშავებული  2013 წლის ბიუჯეტის პროექტი  საკრებულოში  გუშინ შეიტანა.  ბიუჯეტის უკან მიბრუნების მიზეზი,  ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმეტში  განსახორციელებელი პროგრამების  არამიზნობრიობა გახლდათ.  როგორც საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე მერაბ მეშველიანი განმარტავს, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტში 11 შენიშვნა დაფიქსირდა.

„შენიშვნები პროგრამების ხარჯვით ნაწილს შეეხებოდა.  ასეთი იყო  კულტურული ღონისძიებებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი. სწორედ, ამიტომ ბიუჯეტი უკან მივაბრუნეთ. ჩვენი მოთხოვნაა, გასწორდეს და უფრო დაკონკრეტდეს  პროგრამების ხარჯვითი ნაწილი,“ – განმარტა  მერაბ მეშველიანმა, დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე.

ქალაქის მერთად ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომაგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს  2013 წლის ბიუჯეტში არსებული სოციალური პროგრამები წარუდგინეს. გაირკვა, რომ ქალაქის მერიამ მომავალი წლის  40 მილიონიანი  ბიუჯეტიდან,  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის მხოლოდ 1 მლნ  852  ათასი ლარი გამოჰყო. „ეს არის  პროგრამის სასტარტო ბიუჯეტი, რომელიც წლის განმავლობაში  მზარდი იქნება“, – განმარტა ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის უფროსმა კახა ქორიძემ. 

შეხვედრაზე  არასამთავრობო ორგანიზაციებმა  თავიანთი რეკომენდაციები და შენიშვნები გაახმოვანეს.  „ეს არის უბრალო პარატინა  ფურცელი, სადაც არანაირი  კონკრეტული ინფორმაცია არ  არის მოცემული სოციალურ პროგრამებზე. ბიუჯეტი და პროგრამა მხოლოდ სახელწოდებები და ციფრები არ არის“, – აღნიშნა შეხვედრაზე იმერეთის რეგიონის ფსიქოასოციაციის თავმჯდომარემ დარეჯან მაღლაკელიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიკოსთა ინიციატივის“ ექსპერტის ჯანდაცვისა და სოცილაურ საკითხებში,  ფიქრია ბერაძის განმარტებით, წარმოდგენილი პროგრამების ნუსხა სქემატურია და არ არის შესაბამისობაში რეალურ საჭიროებებთან. ბერაძის თქმით, მისთვის ასევე გაუგებარი აღმოჩნდა სოციალაური პროგრამების დასახელებაც.  „წარმოდგენილი პროგრამების,  კერძოდ, „სამედიცინო დახმარების“ პროგრამის სახელწოდება ბუნდოვანია. რადგან, თავად სახელწოდება  ამ პროგრამის შინაარს უნდა პასუხობდეს. „სამედიცინო დახმარების“ პროგრამის შემთხვევაში კი,  ასე არ არის. აქ განმარტებული უნდა იყოს რას გულისხმობს ეს პროგრამა და ვის შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა“, – განაცხადა ფიქრია ბერაძემ.

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი, ქუჩის ბავშვებისათვის დღის  ცენტრი გახსნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ შემუშავებული პრიორიტეტების  ასახვა ქალაქის 2013 წლის ბიუჯეტში  –   ასეთი რეკომენადციები გაჟღერდა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. საიას ქუთაისის ფილიალის იურისტის თამარ ფაჩულიას განმარტებით,  ბიუჯეტში აუცილებლად  გათვალისწინებული უნდა იყოს ქუჩის ბავშვებისათვის  დღის ცენტრის ფუნქციონირება, სადაც მათ, ფაჩულიას განმარტებით, შესაძლებლობა ექნებათ დღეში ერთხელ ისადილონ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებით,  2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დამტკიცებამდე, რომელიც 15 ნოემბრამდე უნდა მოხდეს,  არასამთავრობო ორგანიზაციებთან კიდევ ერთი შეხვედრა  შედეგება. 

რაც შეეხება  ბიუჯეტის  დაწუნებულ პროექტს, ქალაქის მერის, ბესიკ ბრეგაძის განმარტებით:  „ეს იყო შენიშვნა, რომელიც აუცილებელად იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ასევე, ვითანამშრომლებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. სწორედ, მათზეა დამოკიდებული თუ რა პრიორიტეტები იქნება 2013 წელს“. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა