|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საშემოდგომო გამოფენა ტრადიციებითა და მეცენატობით

დღეს, 23 ნოემბერს ქუთაისში, საგამოფენო დარბაზ „ვარლაში“ ტრადიციული საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა.

მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა მხატვრებმა მათი „საშემოდგომო მონაგარი“ წარმოადგინეს. ძველი და ახალი თაობის მხატვრების შემოქმედება ერთ სივრცეში გამოიფინა და წარმოჩინდა, როგორც მას მოიხსენიებენ, ქუთაისური სკოლის სახე. სკოლის, რომელსაც მრავალთა შეხედულებით გამორჩეული ავტორები ყავს.

„იმდენად ნიჭიერი და ძლიერი სამხატვრო სკოლაა ქუთაისში, რომ საჭიროა ამ ნახატების გატანა მთელი საქართველოს მასშტაბით. რომ რეგიონებში გასვლებს მეტი სისტემატური ხასიათი ჰქონდეს. კარგი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში უკეთ გაეცნონ ქუთაისელ ნიჭიერ მხატვრებს“, - განაცხადა მწერალმა გიზო თავაძემ.

ქუთაისის სამხატვრო სკოლის უცვლელ სახეზე მიუთითებს მოქანდაკე ზაზა ჭიღლაძეც. „ქუთაისის სკოლა არსებობს, არ იცვლება,  ხელწერა არსებობს. ბევრი მხატვარია სახელიც რომ არ მიაწეროს, იცნობ და მიხვდები რომელია. არიან საინტერესო ახლგაზრდა მხატვრები, საკუთარი ინდივიდუალური სათქმელით და ხელწერით. თუმცა გაბედულება რამდენად არის მათ შემოქმედებაში, ეს მათი გადასაწყვეტია - ყველა მხატვარმა თავად უნდა გადაწყვიტოს სითამამის ხარისხი საკუთარ შემოქმედებაში“, - ამბობს ზაზა ჭიღლაძე.

დღევანდელ გამოფენაზე კერძო ინიციატივასაც ჰქონდა ადგილი. ექიმმა თემურ ძიძიგურმა ახალგაზრდა მხატვარი ირაკლი სვანიძე დააჯილდოვა 300 ლარით.

„ნიჭიერი ახალგაზრდები გამოჩნდნენ. ერთ-ერთი თემურ ძიძიგურმა დააჯილდოვა სამასი ლარით. მეცენატობაა და დიდი სტიმულია. რადგან მხატვრობა გარკვეულ ხარჯებთანაა კავშირში“, - ამბობს გიზო თავაძე.

საშემოდგომო გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.  

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა