|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალები" "ოცნებას" შანტაჟში ადანაშაულებენ

„ქართული ოცნების“ სახელით ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანი აშინებს” - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

უმცირესობის წარმომადგენლის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, გრძელდება მასიური და კოორდინირებული შეტევები ადგილობრივ თვითმმართველობებზე. როგორც თაქთაქიშვილი ამბობს, ამისთვის ხელისუფლება ფინანსურ პოლიციას იყენებს.

„ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე პირადად არის დაკავებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაშანტაჟებით. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თუ ისინი არ გაატარებენ „ქართული ოცნებისთვის“  მისაღებ პოლიტიკას ადგილებზე, არ დატოვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს, ამ  შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობაში ფინანსური პოლიცია შევა და  მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების „შეკერვა“ მოხდება.  ეს არის  დაუშვებელი, მიუღებელი და ეწინააღმდეგება ყოველგვარ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს,“ - ამბობს თაქთაქიშვილი.

მისი თქმით, თითქმის ყველა რაიონში ადგილი აქვს იმ ფაქტს, რომ საკრებულოს წევრებს, გამგებლებს ემუქრებიან  საერთო ნაცნონები თუ უშუალოდ სამართალდამცავი  სტრუქტურები.

„ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ შეწყდეს „ქართული ოცნების“  მხრიდან ფინანსური პოლიციისა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების  გამოყენება ადგილობრივ თვითმართველობეზე ზეწოლის მიზნით,“ - ამბობს თაქთაქიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობების პოლიტიკური წნეხისაგან დაცვის მიზნით, პარლამენტმა შესაძლოა, საკანონმდებლო ინიციატივა მიიღოს.

„იმისათვის, რომ არც ერთმა და არც მეორე მხარემ არ მოახდინოს ზეწოლა თვითმმართველობაში დასაქმებულებზე, არ არის გამორიცხული პარლამენტმა მოხელეების დაცვის მიზნით მექანიზმი მიიღოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობების ყველა მოხელეს დანაშაული ეპატიოს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე