|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის თავმჯდომარე „დამნაშავე“ დეპუტატს ეძებს

პარლამენტის  წევრის გიორგი გაჩეჩილაძის მიერ  სხვა დეპუტატის ნაცვლად პლენარულ სესიაზე ხმის მიცემის ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე გამოიძიებს. ამის შესახებ განცხადება დღეს, ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა გააკეთა. თუმცა ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამდე საკითხის  გარკვევა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სცადა.

კომიტეტის თავმჯდომარის ირინე იმერლიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ახსნა-განმარტება მოისმინეს უმრავლესობის წევრის გიორგი გაჩეჩილაძისგან. როგორც იმერლიშვილი ამბობს,  ხმის მიცემის პროცედურის დროს, როდესაც სესიაზე საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების პროცესი მიმდინარეობდა,  ერთ-ერთ დეპუტატს ტელეფონმა დაურეკა. დეპუტატი გარეთ გავიდა, ხოლო მისი ხმა რომ არ დაკარგულიყო, გაჩეჩილაძეს მის ნაცვლად ხმის მიცემის უფლება მისცა.

 „პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, იმ დეპუტატს, რომლის მაგივრადაც ხმა მისცეს, ხელფასიდან 20% უნდა ჩამოეჭრას, თუმცა გიორგი გაჩეჩილაძეს არ ახსოვს იმ დეპუტატის სახელი და გვარი ვისი პულტითაც ისარგებლა. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ დეპუტატებს არ გააჩნიათ ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც ყოველი სესიის დროს დახსდებიან და ხმას მისცემენ.  რადგან კომიტეტმა ვერ დაადგინა  იმ დეპუტატის სახელი და გვარი, ვის ნაცვლად გაჩეჩილაძემ მისცა ხმა, მას ხელფასი არ ჩამოეჭრება და სანქცია  გაჩეჩილაძეზე არ გავრცელდება,“ - ამბობს იმერლიშვილი.

 პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით,  სირცხვილია რაც პარლამენტში მოხდა.  როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, მგავსი რამ არც ერთ უმრავლესობას არ უკადრებია.

„მე არ ვიცი ამ შემთხვევაში რა უფლებამოსილება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ როგორც პარლამენტის წევრი, ვიწყებ ამ საკითხის გამოძიებას.   თუ საჭიროა, მთავარი პროურატურის ჩართვასაც. უხერხულია რაც მოხდა, ან ერთმა თქვას და ან მეორემ,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე