|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მთელი კოლექტივის სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს. ნიკა გვარამიას განცხადებით "რუსთავი 2" მოითხოვს აღნიშნული უწყებებიდან ახსნა-განმარტებას ტელეკომპანიის ირგვლივ დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებთან დაკავშირებით. 
"ჩვენ გვინდა მთელი კოლექტივის სახელით მივმართოთ ხელისუფლებას, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სამწუხაროდ, აქამდე ჩვენთვის არავითარი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, რომ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ არის დამონტაჟებული ამდენი სათვალთვალო კამერა, გარდა ზოგადი განცხადებისა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროებაა. ეს არის მედია დაწესებულება. აქ შემომსვლელ-გამსვლელთა დაცვის ინტერესი არის ძალიან მაღალი, რადგან აქ შესაძლებელია მიმდინარეობდეს იმგვარი შეხვედრები, რომელიც კონფიდენციალურობას საჭიროებს", - განაცხადა გვარამიამ. 

"ამიტომ მოვუწოდებთ ორივე სამსახურს, თუნდაც არასაჯარო ვითარებაში, მოხდეს ახსნა-განმარტებების გაკეთება ჩვენი კომპანიისთვის. იმ შემთხვევაში თუ აქ მოსვლა არის პრობლემა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროსა თუ ადგილას გამოვცხადდეთ, არა მხოლოდ მე, არამედ ჟურნალისტებიც და მოვისმინოთ ის ახსნა-განმარტებები, რომელიც დაასაბუთებდა ლეგიტიმურობას აქ განხორციელებული ქმედებების. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღნიშნულ ქმედებებს ვიხილავთ როგორც უფლებამოსილების გადაჭარბებას და არალეგიტიმურ საქციელს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, რომელიც მიმართულია მედიის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენთან შესახვედრად", - ნათქვამია გვარამიას განცხადებაში.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა