|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა გვარამია: "რუსთავი 2"-ის საქმეს არაუფლებამოსილი კოლეგია განიხილავდა

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ  "რუსთავი 2"-ის სასამართლო დავას არაუფლებამოსილი კომისია განიხილავდა.  

 "იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან "რუსთავი 2"-ის წერილის პასუხად, დღეს მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა შორენა ყაველაშვილმა 2005 წლის 18 ივნისს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, კანონის თანახმად კი, ყავლაშვილს არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც "რუსთავი 2"-ის სამოქალაქო დავას იხილავდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილ დოკუმენტებს შორის არის შორენა ყაველაშვილის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მან ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 

"ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ "რუსთავი 2"-ის საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგიამ, უკანონო შემადგენლობამ, რაც ცალსახად კანონის დარღვევაა და მათ მიერ მიღებული გადაწვეტილება ყოველთვის ჩაითვლება, როგორც უკანონო," - განუცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, ეს მოსამართლე სისხლის სამართლის კოლეგიიდან მოვლენილი იყო, როგორც  სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის ზონდერ მოსამართლე და დავალების შემსრულებელი, მას პროცესის მსვლელობისას არც ერთი კითხვა არ დაუსვამს. მოსამართლე შორენა ყაველაშვილი წარსულში იყო პროკურორი და მას გამოცდილება მხოლოდ სისხლის სამართლის მიმართულებით აქვს.

ნიკა გვარამიას განცხადებას სააპელაციო სასამართლოდან უპასუხეს. ამ განმცხადების თანახმად,  “მოსამართლე შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს სამოქალაქო სამართლის სრული 18 თვიანი კურსი და შესაბამისად წარმატებით აქვს ჩაბარებული გამოცდები, რითაც დასტურდება მისი უნარები სამოქალაქო სამართალში. გარდა ამისა, მოსამართლე ყაველაშვილი წლების განმავლობაში სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებს სწორედ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და განხილული აქვს 1000- ზე მეტი სამოქალაქო საქმე.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მას საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალობით,  მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს არავითარი შეზღუდვა მოსამართლემ განიხილოს სხვა სპეციალობის საქმე. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის მონაწილეობა “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოები ხშირად განიცდიან მოსამართლეთა სიმცირეს, აღნიშნული პრაქტიკა წლების მანძილზე გამოიყენება სამივე ინსტანციის სასამართლოებში და წარმოადგენს, ფაქტობრივად ერთადერთ საშუალებას, თავიდან იქნას აცილებული საქმეთა განხილვის მნიშვნელოვანი გაჭიანურება",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საქმის სააპელაციო განხილვა დასრულებულია. სასამართლო კოლეგია განაჩენს უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ხვალ გამოიტანს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა