|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოფიციალურად წამლის ბარიგა მთავრობა პირველად გვეყოლება საქართველოში" -კახა კუკავა

"მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც არსებობენ ნარკობიზნესმენენი და ნარკობარიგები, მაგრამ ოფიციალურად წამლის ბარიგა მთავრობა პირველად გვეყოლება"-განაცხადა პოლიტიკური პარტიის "თავისუფალი საქართველო" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ ქუთაისში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ის ქყეყანაში მარიხუანის წარმოების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"წამლის ბარიგები სხედან ახლა მთავრობის სხდომაზე და განიხილავენ გეგმას, რომ საქართველომ დაიწყოს მარიხუანას წარმოება და ექსპორტი. მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც არსებობენ ნარკობიზნესმენენი და ნარკობარიგები, მაგრამ ოფიციალურად წამლის ბარიგა მთავრობა პირველად გვეყოლება საქართველოში",-განაცხადა მან.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" გარდა არჩევნების გაყალბებისა, ხელისუფლების შენარჩუნების სხვა რესურსი აღარ დარჩა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველ საარჩევნო უბანზე მოუსყიდველი წარმომადგენლების ყოლა.   

"ჩვენი ამოცანაა არის 3700 წესიერი, ვაჟკაცი ადამიანის დანიშვნა საარჩევნო უბნებში, რომელიც დაიცავს ხმებს. მოვუწოდებთ ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი პარტიის წევრები იქნებიან, თუ უპარტიოები, მოვიდნენ ჩვენს შტატებში და დარეგისტრირდნენ დამკვირვებლებლად. თუ ჩვენ მოვახერხეთ ხმების დაცვა, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება წელს დამთავრდება. გამორიცხულია, ოდნავ მაინც პატიოსან არჩევნებზე ივანიშვილმა მოიგოს",-განაცხადა კუკავამ.

"თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა  საუბნო საარჩევნო კომისიების ნეიტრალური წევრებით დაკომპლექტების საკითხზეც გააკეთა  კომენტარი. 

"საუბნო კომისიის ნეიტრალური წევრები ისეთივე დამოუკიდებლები არიან, როგორც სალომე ზურაბიშვილია დამოუკიდებელი კანდიდატი", -განაცხადა მან.

ავტორი: ირინა მაკარიძე