|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ორმაისობას“ აყვავებული ქუთაისი და უცხოეთში გადინებული ათი ათასობით ლარი

„ორმაისობის“ დღესასწაულისთვის   მერიამ ქალაქის ყვავილებით მორთვისათვის 36 000 ლარი გამოყო.  ქუთაისის  ცენტრალურ ნაწილში 80 000 ძირი ყვავილი დარგეს.   ქალაქის მერიის მიერ ამ  მიზნით გამოცხადებული ტენდერი  ყვავილების შეძენის ადგილს არ ითვალისწინებდა.

 გამარჯვებულმა შპს „ქალაქ სერვისმა“ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემების ფონზე ათეულ ათასობით ლარის ღირებულების ყვაილები თურქეთში შეიძინა.   როგორც კომპანიის დირექტორი დავით ბეშკენაძე აღნიშნავს, ყვავილების მეზობელ ქვეყანაში შეძენა გაცილებით ხელსაყრელი იყო.  ბეშკენაძე „ნიუპრესთან“ საუბარში მხოლოდ დაზიანებული ყვავილებით მიღებულ საკუთარ ზარალზე საუბრობს.  მისი თქმით, მერია თანხას არა ტრანსპოტირებული, არამედ დარგული ყვავილის მიხედვით იხდის. თითო ყვავილის ღირებულება 45 თეთრს შეადგენს. ამავდროულად ბეშკენაძე შეკვეთის შემცირების გამო წუხს  და აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ქუთაისში 300 000 ძირი ყვავილი ირგვებოდა.

ბოლო წლებში ყვავილების თურქეთში შეძენის „ტრადიციასა“ და ადგილობრივი პროდუქციის  რეალიზაციის პრობლემაზე  საუბრობს  სანაშენე მეურნეობის მფლობელი  ნემო კაკუშაძე.  მას  ყვავილების სათბური ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში აქვს  და რამდენიმე ასეული ჯიშის მცენარე გამოჰყავს. თუმცა, როგორც ნემო კაკუშაძე აღნიშნავს,  ხელისუფლება ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას არ ცდილობს.

„ღია და დახურულ სათბურში არაერთი ჯიშის ნერგი მოგვყავს.  ენთუზიაზმზე ვმუშაობთ, რადგან გვიყვარს ეს საქმე, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ეთუზიაზმით ვერ შევძლებთ საქმიანობის გარძელებას. ვერც წინა და ვერც ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ვერ ვახდენთ პროდუქციის რეალიზაციას. რამდენჯერ გადასარგავად გამზადებული ყვავილი გაგვფუჭებია,“–აღნიშნავს კაკუშაძე.

კაკუშაძის შენიშვნას, არ ითვალისწინებს დავით ბეშკენაძე  და აღნიშნავს, რომ ნემო კაკუშაძეს საკმარისი რაოდენობის ყვავილი არ ჰქონდა და მხოლოდ 10 000 ძირი გამოჰყავს, რაც საკმარისი არაა.

ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაზე ზრუნვის ერთ–ერთ პირობად  ადგილობრივი პროდუქციის შეძენის ვალდებულებას ვერ ხედავს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი და მდგომარეობას თავისუფალ ბიზნეს გარემოს შექმნით ხსნის.  

„ბაზარი არის აბსოლუტურად თავისუფალი და დამოკიდებულია მეწარმეზე.  ვისაც სურვილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე ახდენს რეალიზაციას, ზოგს საზღვარგარეთ გააქვს, ან საზღვარგარეთიდან ჩამოაქვს, ეს მათი არჩევანია ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე,“–აღნიშნავს პაატა კლდიაშვილი.

ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა რომ უნდა ხდებოდეს,  ადასტურებს საკრებულოს დეპუტატი  ნატო ქათამაძე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ და კონკრეტულად, საკრებულომ ამ კუთხით უნდა იზრუნოს და უპირატესად ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაცია უნდა ითვლებოდეს.

ხელისუფლებას ადგილობრივი მეწარმეების უგულებელყოფაში ადანაშაულებს საკრებულოს „ლეიბორისტი“ წევრი სამსონ გუგავა და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ადგილობრივი პროდუქციის ხელშეწყობას არ ცდილობს. „ბუნებრივია, უნდა ხდებოდეს ადგილობრივი მეწარმეების დახმარება.  უნდა მიეცეთ მათ  რეალიზაციის საშუალება, არა მხოლოდ ყვავილების, არამედ ყველა პროდუქციის, მაგრამ ჩვენ ხომ ეროვნული ხელისუფლება არ გვყავს, რომლის გადაწყვეტილების გამო შემოტანილი პროდუქციის საბაჟო განაკვეთი ნულოვანია, ამიტომ ვეღარ უწევს ადგილობრივი პროდუქტია უცხოურს  კონკურენციას. სატენდერო პირობებშივე უნდა ჩაიდოს შესაბამისი მოთხოვნა და მოხდეს ადგილობრივი ნაწარმის გასაღება. სხვა შემთხვევაში ყველა მეწარმე და წარმოება წაგებული დარჩება“, –აღნიშნავს სამსაონ გუგავა.

ქალაქზე ზრუნვა აუცილებელი რომ არის,  არავინ დაობს. თუმცა ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე ათასი ლარის გადახდა ყვავილებში, რომლებიც ორ თვეში აღარ იარსებებენ, ეკონომიკური კრიზისის პირას მყოფი ქალაქისთვის არამიზნობრივი ხარჯია.

„კარგია მოწესრიგებული და მოვლილი ქალაქი, მაგრამ რატომ უნდა იხარჯებოდეს ქალაქის ბიუჯეტი ყოველ წელს უშედეგოდ? ხომ არის სავარდო და სამაისო ქალაქი, ხოდა დარგონ ვარდები, სახელსაც გაამართლებს და ყოველ წელს ერთჯერადი ყვავილებისთვის ათასობით ლარის გადახდა აღარ დაგვჭირდება, ან ადგილობრივები დაასაქმონ ყვავილების მოსავლელად.  ქალაქი შიმშილის პირასაა და რა დროს ყვავილებია, რომელიც რამდენიმე დღეში აღარც იარსებებს, მაგრამ ჩვენთვის ხომ ისაა მთავარი,  იმ დღეს ჩამოსულ სტუმრებს მოვაწონოთ თავი“- განაცხადა ონისე სირბილაძემ.  

 „ორმაისობის“ დღესასწაული ყვავილებით  „გარდენია შევარდნაძემაც“  დაამშვენა. ამ შემთხვევაში ქალაქის ხარჯი მიზერულია.  ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ბაღში  კარვები გაიშალა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. დარჩენილი ყვავილები კი ისევ თბილისში დაბრუნდა.  ქუთაისის მერიამ  „გარდენია შევარდნაძის“ ჩამოსაყვანად მხოლოდ  ტრანსპორტირების ხარჯები გაიღო. როგორც მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ვაჟა ჟუღელმა აღნიშნა, აღნიშნული თანამშრომლობა ორივე მხარის ინტერესს წარმოადგენდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა