|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2017-2018 სასწავლო წლისთვის 10 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, რეგისტრაციის დაწყების შესახებ სპეციალური ბრიფინგი სამინისტროში ორშაბათს, 10 აპრილს უნდა გაიმართოს.

რაც შეეხება რეგისტრაციის ეტაპებს:

I ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 10 აპრილს და დასრულდება 24 აპრილს.

პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში – სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

II ეტაპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია – რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 8 მაისის დილის 09:00 საათიდან 1 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად.  (პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება).

III ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს და დასრულდება 30 ივნისს.

მესამე ეტაპზე მსურველები რეგისტრირდებიან მეორე ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს.

edu.aris.ge

ავტორი: ნიუპრესი