|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთი გახსნა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა.

 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გახსნას  პრემიერ-მინისტრთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძეს, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი მოტომე ტაკისავა, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე -გუბერნატორები და მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი ოთხ ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, ოთხი საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.

ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში სრულად შევიდა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა.

აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა, E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

სამუშაოების ღირებულება 71 მილიონ ლარს და 22 მილიონ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი