|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკვე არის თვისობრივად შეკვეცილი"-ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტის არჩევის წესი დამოკიდებულია მის უფლებამოსილებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა პრეზიდენტის არჩევის წესსა და მის უფლებამოსილებებს შორის.

”იქ, სადაც ჩნდება დისპროპორციები, ავტომატურად რჩება პრობლემა. რეალურად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკვე არის თვისობრივად შეკვეცილი, ჩვენ თუ შევადარებთ 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას დღევანდელ მდგომარეობას, პრეზიდენტის კომპეტენციები უხეში შედარებით არის 95-99%-ით შეკვეცილი. ამის იქით ჩვენ პრეზიდენტის უფლებამოსილებებში თვისობრივ ცვლილებებს ვერ შევიტანთ, იქ შეიძლება გარკვეული რეგულაციები გადაისინჯოს. თვისობრივად ჩვენ ვართ გადასული საპარლამენტო მმართველობაზე, მთავარი განსხვავება მანამდე მოქმედ და დღეს მოქმედ სისტემებს შორის არის ის, რომ პრეზიდენტი ადრე იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი და დღეს ის აღარ ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, შესაბამისად, აღარ არის პოლიტიკური ლიდერი და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ფუნქციები შეიძლება სწორად გაიმიჯნოს.

ავტორი: ნიუპრესი