ქუთაისში მოსახლეობის საბინაო პრობლემების გადასაჭრელად 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯება
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ბიუჯეტი წელს მილიონ 590 ათასი ლარით განისაზღვრა. ამ თანხას რეგიონული განვითარების ფონდიდან 700 ათასი ლარი ემატება. საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის ინფორმაციით, განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის მოთხოვნების მიხედვით დაიგეგმა.
ჯონი არაბიძის თქმით, პრიორიტეტებად კვლავინდებურად რჩება სოციალურად დაუცველებისათვის საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროგრამა, სადარბაზოების კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტებში სპორტულ გამაჯანსაღებელი ობიექტების მოწყობა.
"პრიორიტეტებად შერჩეულია ის საკითხები, რაც მოსახლეობას აწუხებს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სახლების გადახურვის პროგრამა დიდი მოთხოვნით სარგებლობს, გვაქვს ასევე სარდაფებში არსებული საკანალიზაციო ქსელის, კორპუსების პარაპეტებისა და წვიმსადენი მილების მოწესრიგების პროგრამები", - განაცხადა ჯონი არაბიძემ.
მისი თქმით, რეგიონული განვითარების ფონდიდან 116 სადარბაზოების კეთილმოწყობა იგეგმება, რისთვისაც 700 ათასი ლარი დაიხარჯება.
არაბიძის თქმით, გამოცხარებული ტენდერების ნაწილი უკვე შედგა. შერჩეულ სადარბაზოებში სამუშაოები თებერვლიდან დაიწყება.
ავტორი: ირინა მაკარიძე