|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრობლემები შეგვექმნა, რადგან "ჰუალინგ ჯგუფმა" ხელშეკრულება შეგვიწყვიტა"- ზაალ ჩაჩავა

ქუთაისის "ტორპედოს" სამწვრთნელო ბაზაზე ფეხბურთელები გუნდის პრეზიდენტს შეხვდნენ. შეხვედრაზე "ტორპედოელებმა" გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ზაალ ჩაჩავა გუნდს დავალიანების თვის ბოლომდე გადახდას დაპირდა. ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები გუნდში ჩინელი ინვესტორების წასვლამ გამოიწვია.

"პრობლემები შეგვექმნა, რადგან ჩინურმა კომპანიამ "ჰუალინგ ჯგუფმა" ხელშეკრულება შეწყვიტა. მათ უარი თქვეს დაფინანსებაზე, რის გამოც შესაძლოა, სასამართლოს მივმართოთ. ამ დღეებში კიდევ ერთხელ შევხვდები კომპანიის დირექტორს და გადაწყდება, გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას. რაც შეეხება დავალიანებას, თვის ბოლომდე დაიფარება. მაქვს მოლაპარაკება ორ კომპანიასთან, რომ ჩინელების ნაცვლად შემოვიდნენ და "ტორტედომ" გააგრძელოს თამაში. ჩვენ რომ მოვედით გუნდში,  არაფერი არსებობდა და მაქსიმალური შედეგი დავდეთ, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, ვასპარეზობთ წარმატებით"-განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში მისი გუნდიდან წასვლის საკითხი, პასუხობს: "მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ პრობლემა მოგვარდეს და დავალიანება დავფაროთ. მოგეხსენებათ არ არის ადვილი, მით უმეტეს, როცა პარტნიორებმა დაგვტოვეს. თუ ვერ მოხერხდა და ვერ მოვიძიებთ თანხებს, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო და დავუბრუნო მუნიციპალიტეტს".

ჩაჩავა ჯერ არ აკონკრეტეს ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას, თუმცა ამბობს, რომ ერთი რუსული, მეორე კი ქართული კომპანიაა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ ფეხბურთელებს და მწვრთნელს. მათი თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვიან, რადგან, რაღაც საკითხები დაუზუსტებელია.

დღესვე ზაალ ჩაჩავას "ტორპედოს" გულშემატკივრები შეხვდნენ. მათი თქით, ჩაჩავას განმარტებები ბუნდოვანია, რადგან გუნდი ჩაჩავამ შეიძინა და ჩინური კომპანია არაფერ შუაშია, ამიტომ გუნდზე მას უნდა ეზრუნა. ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა ის ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ შეიძინა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი